XIII საუკუნის ბოლოს აგებულ ეკლესიას ქვის მყარი გალავანი აქვს შემოვლებული, რაც მოწმობს, რომ შენობას საფორტიფიკაციო დანიშნულებაც ჰქონდა. ეკლესია მოპირკეთებულია გაპრიალებული პორფირით, ხოლო შესასვლელი მას ორი მხრიდან - სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. კარის თავზე ჯვრებია გამოსახული, ტაძრის სარკმლებს კი ულამაზესი ჩუქურთმები ამშვენებს.
როდესაც ეკლესიაში შეხვალ, მაშინვე შენიშნავ, რომ კედლები მთლიანად ფრესკებითაა მოხატული. იკონოგრაფიული თვალსაზრისით ორი ფრესკა უნიკალურია: წმინდა გიორგის ფრესკა, სადაც წმინდანს გველეშაპი ყელზე გამობმული თოკით ჰყავს დამორჩილებული, და მირქმის ფრესკა, სადაც იოსებსა და იოაკიმეს გვრიტები უჭირავთ ხელში.
აჭის ეკლესიის მოხატულობას ბევრი საერთო აქვს ტრაპიზონის წმინდა სოფიას ეკლესიის ფრესკებთან, თუმცა ამ ორი ფრესკის ანალოგი არც ქართულ და არც ბიზანტიურ ფერწერულ ძეგლებში არ მოიპოვება.
ეკლესიის საკურთხეველში „ვედრება“, მთავარანგელოზთა და მღვდელმთავართა დასებია გამოსახული. დანარჩენი ფრესკები კი 12 საუფლო დღესასწაულს, წმინდა გიორგის ცხოვრებას, ჯვარცმას, ღვთისმშობლის მიძინებას, ქრისტეს იერუსალიმში შესვლასა და წმინდანთა ცხოვრებას ასახავს.
ეკლესიაში ასევე ნახავ თამარ მეფის დროინდელ მოოქრულ ვერცხლის საწინამძღვრო ჯვარსაც, რომელზედაც ლაშქარი ბრძოლის წინ ლოცულობდა.