XIX საუკუნის 30-იან წლებში მეცნიერი და მოგზაური, ფრანგი ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე ქუთაისის „მწვანე ბაზრის“ შესახებ ასეთ რამეს წერდა: „ბაზარი აქ, ისევე, როგორც ათენში, სიცოცხლისა და მოძრაობის ცენტრალური პუნქტია“. ეს ასეც იყო. ბაზრობის დღეებისთვის - ოთხშაბათისა და პარასკევისთვის, ძველ ქუთაისში განსაკუთრებით ემზადებოდნენ. ბაზარში წასვლა მხოლოდ სახლისთვის პროდუქტის მომარაგებას არ ნიშნავდა. ამ პროცესს ნაცნობებთან შეხვედრა, მოკითხვა, სიახლეების გაცვლა-გამოცვლა ახლდა. ამის გამო, საყიდლებზე, როგორც წესი, ოჯახის უფროსები მეკურტნესთან ერთად დადიოდნენ - ადამიანთან, რომელიც ნავაჭრს ზურგით, მოგვიანებით კი ურიკით დაატარებდა.
წლების განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილზე დგომამ ბევრი უცნობი ადამიანი ერთმანეთთან დააკავშირა. შეიძლება, ქუთაისელები თავად მოგიყვნენ ამბავს, რომელიც XX საუკუნის 40-იან წლებში მსახიობ ერემია სვანაძეს გადახდა.
როდესაც ეს ამბავი მოხდა, ერემია ჯერ კიდევ ბავშვი იყო და მამას „მწვანე ბაზარში“ ახლდა. იმ დროს ქალი იშვიათად თუ დგებოდა დახლთან და ასეთი მხოლოდ ერთი ქალი ყოფილა - ის მწვანილს ყიდდა. ყველა მემწვანილე თურმე მისკენ აგზავნიდა კლიენტს და ამბობდა, „მას საუკეთესო მწვანილი აქვსო“. ერემიას მამისთვის უკითხავს, რატომ იქცეოდნენ ასე მემწვანილეები, პასუხად კი შემდეგი რამ მოუსმენია: „მაგ ქალს კარგი ქმარი მოუკვდა, სახლში ბავშვები ელოდებიან, ასე მალე მორჩება და მათ მიხედავსო“.
მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში ბევრი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა, „მწვანე ბაზარს“ ძველებური ხიბლი არ დაუკარგავს. ის ორ სართულს იკავებს, სადაც აუცილებლად შემოგთავაზებენ ხილსა და ბოსტნეულს, რძის ნაწარმს, ხორცს, სხვადასხვა ხილის ჩირს, ჩურჩხელასა და ტყლაპს, სახლში მომზადებულ მადის აღმძვრელ საწებლებსა და სხვა მრავალ გასაოცარ პროდუქტს.