1888 წელს, აქ ეკლესია რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე III-ის უშუალო მონაწილეობით აუგიათ და ისტორიული წყაროების მიხედვით, ბათუმის სამხედრო ჰოსპიტლის გვერდით ტაძრის ასაშენებლად იმპერატორს საკუთარი დანაზოგი გაუღია.
1905 წელს ტაძარი ადგილობრივ მართლმადიდებელ ეპარქიას გადაეცა და 1906 წელს უკვე მისი საზეიმო კურთხევაც შედგა, თუმცა ეკლესიას დიდხანს არ უმოქმედია - რუსეთის მეფისნაცვალ ვორონცოვის მცდელობითა და იმდროინდელ მთავრობასთან დაახლოებული დეკანოზის, ვოსტორგოვის თანხმობით, ტაძრის შენობა სამხედრო უწყების საკუთრება გახდა.
1996 წელს, მას შემდეგ, რაც სამხედრო ჰოსპიტალი სხვა ადგილზე გადაიტანეს, გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ახალი ტაძრის მშენებლობა დაიწყო. წმინდა ბარბარეს სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია 1997 წლის 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე ეკურთხა და დღემდე განაგრძობს მომლოცველთა და დამთვალიერებელთა მიღებას.