კოშკი მარიონეტების თეატრის შენობის ნაწილია და ორივე მათგანი გენიალურმა ქართველმა რეჟისორმა, სცენარისტმა და მხატვარმა რეზო გაბრიაძემ შექმნა.
კოშკის საათის თავზე ლამაზად მოხატული კარია. ის საათში ერთხელ იღება, სიღრმიდან ანგელოზი გამოდის და სწორედ იმ ჯადოსნურ ზარს შემოჰკრავს, რომლის ხმაზეც სურვილი უნდა ჩაიფიქრო.
საათის ქვეშ თოჯინების პაწაწინა თეატრია და დღეში ორჯერ, 12:00-სა და 19:00 საათზე მინი-სპექტაკლი „ცხოვრების წრებრუნვა“ იმართება, რომელიც შენ წინ სიყვარულის ლამაზ ისტორიას აცოცხლებს.
კოშკის ქვედა ფასადზე რამდენიმე ასეული ფილით აწყობილი ორი კერამიკული პანოა. ეს ფილებიც რეზო გაბრიაძის ხელითაა დამზადებული.
გაბრიაძის კოშკის პოპულარობა საქართველოს საზღვრებს გასცდა. ამერიკულმა ინტერნეტგამოცემა Atlas Оbscura-მ გაბრიაძის საათის კოშკი 2019 წელს მსოფლიოს ყველაზე პოპულარული არქიტექტურული საათის ძეგლების სიაში შეიტანა.