არსებობს მოსაზრება, რომ მეგრელები მისი მომზადებისას მზისადმი მიძღვნილ რიტუალს ასრულებენ. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ მეგრულად მზესა და რძეს „ბჟა“ ჰქვია. ტრადიციული გებჟალიის ფორმაც მრგვალია და მზეს განასახიერებს, თუმცა დღეს ამ კერძს სხვა ფორმითაც ამზადებენ.
გებჟალია საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია, თუმცა მეგრელი დიასახლისები ამბობენ, რომ მის მოსამზადებლად მხოლოდ რეცეპტის ცოდნა და კულინარიული უნარები არ არის საკმარისი, რადგან გებჟალიის გაკეთებას უპირველესად მოყვასისა და სტუმრის სიყვარული სჭირდება.
მწიფე ჭყინტი ყველი ან ძალიან ჩვილი სულგუნი;
სურვილისამებრ, ნადუღი - 150 გრ;
დანაყილი პიტნა - 50 გრ;
ქორფა ქინძი - 30 გრ;
ნიორი - 2/3 კბილი;
მარილი - გემოვნებით;
სურვილისამებრ, მწვანე ნორჩი წიწაკა - გემოვნებით.
ავიღოთ სქელძირიანი ქვაბი, ჩავასხათ წყალი და ავადუღოთ. თხელ ნაჭრებად დავჭრათ ჭყინტი მწიფე ყველი ან ჩვილი სულგუნი და თანდათანობით ჩავუშვათ ადუღებულ წყალში. დავუწიოთ ცეცხლს, მოვიმარჯვოთ ხის კოვზი და დავიწყოთ ქვაბში ყველის მორევა. როგორც კი ყველის ნაჭრები ერთგვაროვან მასად გადაიქცევა და ზედაპირი პრიალა გაუხდება, ყველის გუნდა ქვაბიდან უნდა ამოვიღოთ, ხის დაფაზე გადავიტანოთ და გავაბრტყელოთ, როგორც სახაჭაპურე ცომი.
ცალკე მოვამზადოთ გულსართი გაბრტყელებული ყველისთვის.
პიტნა, ქორფა ქინძი, ორი კბილი ნიორი, სურვილისამებრ, მწვანე ნორჩი წიწაკა და მარილი ერთად დავნაყოთ, შესაძლებელია დავუმატოთ ნადუღიც, ბლომად წავუსვათ გაბრტყელებულ ყველს, გადავახვიოთ რულეტივით და დავჭრათ საშუალო სისქის ნაჭრებად.
თუკი ყველი რძეში გვაქვს გადაზელილი, მოტოვებული გულსართი მასში გავხსნათ, თუ არა - მაწონში, კარგად გავქნათ და ყველის რულეტები ამ საწებელში ჩავალაგოთ.
გებჟალია რძეში მზადდება, თუმცა მისი მომზადება წყალშიც შესაძლებელია.
ყველის თბილ მასას დიდხანს თუ ჩავზელთ, გებჟალია ზედმეტად მკვრივი გამოვა. მსუბუქად გადაზელილი ყველისგან მომზადებული გებჟალია კი რბილი და ჰაეროვანია.
ქვაბიდან ამოღებული ყველის გუნდა შეგრილებამდე უნდა გავაბრტყელოთ - ცხელი ყველი უფრო ადვილად მოგყვება ხელში.
გებჟალიის გასაფორმებლად შეგვიძლია, პიტნის ნორჩი ფოთლები გამოვიყენოთ.
გებჟალიას, ტრადიციულად, ღომთან ერთად მიირთმევენ.
სამეგრელოს სხვადასხვა კუთხეში დიასახლისები გებჟალიას სხვადასხვანაირად ამზადებენ - ნადუღით, ხაჭოთი, რძით, არაჟნით და აღსანიშნავია, რომ ის ყველგან ძალიან გემრიელია.