KA
Gelati Monastery

გელათის მონასტერი

საქართველო უძველესი ისტორიულ-კულტურული ქვეყანაა, რომელიც გასაოცარი ხუროთმოძღვრების ძეგლებითაა მდიდარი. ცხადია, თითოეული მათგანი საუკუნეების წინანდელ განმაცვიფრებელ ისტორიას გვიყვება, მაგრამ ამ მონასტრის ეროვნული ღირებულება მაინც ძალიან მნიშვნელოვანი და გამორჩეულია. იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - გელათის სამონასტრო კომპლექსი ქართველებისა და უცხოელი ტურისტების ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია. აღსანიშნავია, რომ აქ მოხვედრა ძალიან მარტივია - მონასტერი ქუთაისიდან სულ რაღაც 11 კმ-ში, სოფელ გელათში მდებარეობს.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ქუთაისი

რით არის გამორჩეული გელათის მონასტერი?

შუა საუკუნეების კულტურისა და განათლების ეს მნიშვნელოვანი ცენტრი საქართველოს საზღვრებს გარეთაც იყო ცნობილი. გელათის აკადემიას, რომელმაც ხელნაწერი წიგნების სახით შეუფასებელი მემკვიდრეობა დატოვა, მაშინდელ მსოფლიოში „აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმს“ – „ასუად ათინას“ უწოდებდნენ.

გელათის არქიტექტურა

კომპლექსის გალავანში რამდენიმე ნაგებობაა მოქცეული - წმ. გიორგისა და წმ. ნიკოლოზის ეკლესიები, სამრეკლო და აკადემია, სადაც გეომეტრიას, არითმეტიკას, მუსიკას, ფილოსოფიას, რიტორიკას, გრამატიკასა და ასტრონომიას ასწავლიდნენ.    

გელათის მონასტერს ჰქონდა უნიკალური მარანი და ღვინის წარმოების დიდი გამოცდილება, რაც ადგილზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებითაც დასტურდება.

გელათის კომპლექსი საქართველოში არსებული ყველაზე დიდი სამეფო საძვალეა - გაერთიანებული საქართველოს მეფეების უდიდესი ნაწილი სწორედ აქ არის დაკრძალული.

გელათის ისტორიული წარსული

საბოლოო სახე კომპლექსმა 1130 წელს მიიღო, თუმცა მისი მშენებლობა საქართველოს ძლევამოსილმა მეფემ დავით IV აღმაშენებელმა 1106 წელს დაიწყო, რომელიც მისივე ანდერძის თანახმად, მონასტრის ერთ-ერთ ჭიშკარშია დაკრძალული, რათა თითოეულ ადამიანმა, რომელიც გელათს ესტუმრებოდა, მის საფლავზე ფეხი დაედგა.  როგორც ამბობენ, მეფეს ეს ადგილი განგებ შეურჩევია, თავმდაბლობის გამოსახატად. 

გელათი გამორჩეულია ქართული მონუმენტური მხატვრობისა და მოზაიკის ნიმუშებითაც. აღსანიშნავია მსოფლიო მნიშვნელობის XII საუკუნის მოზაიკა – ღვთისმშობელი ყრმით და მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი. აქვეა დავით აღმაშენებლის ფრესკაც.

მონასტერში ინახებოდა ქართული ოქრომჭედლობისა და მოკაზმული ხელნაწერების უნიკალური ნიმუშები, ისეთი, როგორიც ხახულის ღვთისმშობლის ხატია. გელათში დაცულია ქალაქ განჯის ჭიშკარიც.   

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა