გომარეთი უძველესი სოფელია, რომელიც ისტორიულ ზურტაკეტის პლატოზე მდებარეობს და სადაც ადამიანის ცხოვრებისა და მისი შემოქმედების კვალი ძვ. წ. IV-III ათასწლეულებიდან ჩანს. სოფლის განაპირას აღმოჩენილია ნეოლითური ხანის ნივთები, ენეოლითური ხანის ნამოსახლარი, ადრე ბრინჯაოს ხანის უდიდესი ყორღნები და გვიანდელი ბრინჯაოს-ადრე რკინის ხანის სამაროვნები.
გომარეთის მოსახლეობა ქვასვეტებთან (სტელებთან) კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ადის, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის მომდევნო კვირას აღნიშნავს;
სტელას, ვერტიკალურად მდგარ ქვის სვეტს, ზედ დატანილი წარწერით ან რელიეფური გამოსახულებით, საფლავის ქვად ან რაიმე განსაკუთრებული მოვლენის აღსანიშნავად იყენებდნენ.
ადრექრისტიანული ხანის ეს ქვასვეტები უნიკალური წყაროა არა მხოლოდ ქართული კულტურისთვის, არამედ ეკლესიისთვისაც. ქვასვეტები ეპიგრაფიკული ძეგლია და ზედ, მცენარეული ორნამენტების გარდა, დატანილია ლაპიდარული წარწერებიც.