საბჭოთა ხელისუფლების დროს ეს სოფელი უფრო სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის სახელით იყო ცნობილი, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ახალგაზრდები პროფესიულ განათლებას იღებდნენ.
თუმცა სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორია ისტორიულად გურიის ერისთავების რეზიდენცია იყო საინტერესო ადგილმდებარეობით - სასახლით, გამწვანებული ეზოთი და ფერდობებით.
მოგვინებით, ერისთავების მამულის ტერიტორიაზე სადაც მრავალწლოვანი ხეები უკვე იდგა, დენდროლოგიური ტყე-პარკი გაშენდა.
ამ ტყე-პარკში დღესაც ნახავ სამსაუკუნოვან მუხას, ფანქრის ხეს, გიგანტურ სეკვოიას, კანფეტის ხეს, გინკგო-ბილობას, ქაფურის ხეს, კამელიების ტევრის შედარებით მოგვიანებით გაშენებულ წიწვოვნებს, რაც საოცარ გარემოს ქმნის.
1840 წელს გორა-ბერეჟოულში, მიხეილ ერისთავის მამულში, საქართველოში პირველად პრიმიტიული წესით დაუმზადებიათ ჩაის პროდუქტი, რომელიც 1864 წელს სანკტ-პეტერბურგში სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე წარუდგენიათ და მას აღიარება მოუპოვებია.
აქვეა ერისთავების სასახლე და ციხე-გალავანი, რომელიც ოთხი კედლითაა შემოფარგლული, კედლის სიგრძე 25 მეტრია, სიმაღლე კი - 5 მეტრი. კედელში დატანებულია სათოფურები, რაც იმის ნიშანია, რომ ეს საფორტიფიკაციო ნაგებობა იყო. ბუხარიც კი ისეა აშენებული, რომ საკვამურიდან ამოსული კვამლი მტერს არ დაენახა.
როგორც ამბობენ, XVII-XVIII საუკუნეებში გალავანი მდინარე სუფსის ჭალიდან ამოტანილი რიყის ქვებით აუშენებიათ. ციხის ერთ კუთხეში მოწყობილია ღია მარანი საწნახლით. სასახლეში შემორჩენილია ერისთავების საგვარეულო საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების მცირე ნაწილი.
ერისთავების სასახლე და დენდროლოგიური პარკი გურიის რეგიონის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.