KA

გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

გორის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, შიდა ქართლის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი გორი, რომელიც მდიდარია უდიდესი ისტორიით, კულტურული ძეგლებითა და ლამაზი ბუნებით. გორში ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმსაც შეხვდები, რომელიც წარსულში გამოგზაურებს და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აგავსებს.
რეგიონი
შიდა ქართლი
ქალაქი
გორი

სად მდებარეობს გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი?

1935 წელს დაარსებული გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც ერთ-ერთი პირველი დირექტორის, ისტორიკოს სერგი მაკალათიას სახელს ატარებს, კირიონ II-ის ქუჩის N14-ში, კვირისა და ორშაბათის გარდა, ყოველდღე, 09:30-იდან 17:30 საათამდე გიმასპინძლებს. 

რას ნახავ გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში?

თამარ მეფისა და დავით ნარინის დროინდელი მონეტები, ალექსანდრე მაკედონელის დრაქმა, ქართული და ყარაბაღული ფარდაგები, ოქრომკერდით ნაქარგი საეკლესიო შესამოსელი, ხალიჩები, მუსიკალური საკრავები, უძველესი კაჟის სატევრები და XX საუკუნის ცეცხლსასროლი თუ ცივი იარაღი - ამ ყველაფერს გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაათვალიერებ.

მუზეუმის 81 000 ექსპონატი ბევრ საინტერესო ამბავს მოგიყვება საქართველოს ისტორიის, მისი განვითარების, კულტურისა და ყოფა-ცხოვრების შესახებ. კვალიფიციურ გიდებთან ერთად, აქ გამოფენილი არქეოლოგიური მასალების, ნუმიზმატიკური ნიმუშების, საბრძოლო იარაღისა და ეთნოგრაფიული მასალების ნახვის შემდეგ საქართველოს წარსული შენ წინ ნამდვილად გაცოცხლდება.

გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელნაწერების განყოფილება

მუზეუმში წარმოდგენილია 1667 წლის ხელნაწერი კარაბადინის ფრაგმენტები, ვახტანგ VI-ის „ამირანდარეჯანიანი“ და „ყარამანიანი“, რომლებიც 1729 წელსაა გადაწერილი; აქ გამოფენილია ქართველი მეფეების მიერ გაცემული სიგელებიც, პირველი ნაბეჭდი წიგნებიდან კი „კონდაკსა“ და გაზეთ „ივერიას“ იხილავ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა