KA
Gori Fortress

გორის ციხე

საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ციტადელი - გორის ციხე ქალაქის ცენტრში, კლდოვან ბორცვზე მდებარეობს. ციხესიმაგრე „გორის ციხედ“ წყაროებში XIII საუკუნიდან მოიხსენიება, თუმცა შემორჩენილი ნანგრევები ძვ. წ. I ათასწლეულით თარიღდება.
რეგიონი
შიდა ქართლი
ქალაქი
გორი

გორის ციხის ისტორია და სტრუქტურა

მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობის გამო, გორის ციხის დაუფლება მთელ შიდა ქართლზე ბატონობას ნიშნავდა. ამიტომაც საუკუნეების განმავლობაში მისთვის იბრძოდნენ ქართლ-კახეთის მეფეები, მონღოლები, სპარსელები და ოსმალები. XIX საუკუნის დასაწყისში აქ რუსეთის ბატალიონიც იდგა.  

ამ ხნის განმავლობაში გორის ციხე არაერთხელ დაინგრა და თავიდან აშენდა. დღევანდელი სახე კი ციტადელმა 1774 წელს მიიღო. ის საფუძვლიანად შეაკეთა მეფე ერეკლე II-მ.  შემონახულია ციხის ნახატიც, რომელიც XVII საუკუნეშია შესრულებული.  

ოვალური გორის ციხის გალავნების სიმაღლე 10 მეტრს აღწევს. ის ნაგებია რიყის ქვით, ადრინდელ ფენებში ნახმარია თლილი ქვა, ზოგან აგურიც. დასავლეთიდან მას ე.წ. „ცხრაკარა“ ეკვრის, სამხრეთით და აღმოსავლეთით გალავნებია. ციხეს ჰქონია გვირაბი მდინარიდან წყლის ამოსაზიდად და წყალსაცავი, რომლის გარშემოც წყლით ამოვსებული თხრილი იყო. შემორჩენილია პატარა ეკლესიის ნანგრევები. ციხის ციტადელის შუა ნაწილში არის უზარმაზარი ჭა, საიდანაც, სავარაუდოდ, საიდუმლო გასასვლელები გადიოდა.

ნაგებობა მნიშვნელოვნად დააზიანა 1920 წლის მიწისძვრამ. 

გორის ციხეს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა