KA
Salkhino Dadiani Residence

დადიანების სალხინოს სასახლე

მარტვილში, სოფელ სალხინოში აშენებული სასახლე წარსულში დადიანების საზაფხულო რეზიდენცია იყო. სასახლისკენ საუკუნოვან ხეებს შორის მიმავალ ქვაფენილზევე იგრძნობ XIX საუკუნის ქართველი არისტოკრატების, საფრანგეთის საიმპერატორო ოჯახთან დანათესავებული თავადი დადიანების მთელ დიდებულებას.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მარტვილი

დადიანების სალხინოს სასახლის ისტორია

ლევან დადიანმა აქ მდგარი მოკრძალებული ხის სახლის ადგილას ქვის ორსართულიანი სასახლის მშენებლობა XIX საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო.

სასახლემ საბოლოო სახე ლევანის შვილიშვილის სალომე დადიანი-მიურატის დროს მიიღო. დასავლეთ ევროპაში გაზრდილ პრინცესა სალომეს სასახლე მემკვიდრეობით ერგო. აქ ხშირად ეწყობოდა დიდგვაროვანთა მეჯლისები. სახელიც ასეთი ჰქვია - სალხინო, ლხინის ადგილი. ბოლო დიდი მეჯლისი 1897 წელს სალომე დადიანი-მიურატისა და მისი მეუღლის, ნაპოლეონ ბონაპარტის ბიძაშვილის, აშილ მიურატის ვაჟის - ლუსიენის ჯვრისწერაზე გამართულა.

სალხინოს სასახლე ცნობილია უმშვენიერესი ბაღითა და ხეივნით. კომპლექსში მოქცეულია XVIII საუკუნეში აშენებული ღვთისმშობლის ტაძარი და დადიანების ისტორიული ღვინის მარანი, რომელიც დღეს სოფელ სალხინოს სავიზიტო ბარათია. მარანში 12 ქვევრია, რაც სიმბოლურად 12 საუფლო დღესასწაულსა და მაცხოვრის 12 მოციქულს განასახიერებს. 

სასახლის გვერდით კი სამეგრელოს ყველაზე ცივი მდინარე - წაჩხურა ჩამოედინება, რომელმაც ყველაზე მეტი იცის ამ ევროპული ყაიდის დიდებულთა ცხოვრებაზე.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა