KA
დამბალხაჭო

დამბალხაჭო

დამბალხაჭო ქართული არამატერიალური კულტურის ძეგლების ნუსხაში საპატიო ადგილს იკავებს. ის ობიანი ყველის სახეობაა, რომელიც ოდითგანვე მთაში მზადდებოდა და ქართულ მნიშვნელოვანი საკვები იყო, რადგან საუკუნეების წინათ მეომრებს აბგით დაჰქონდათ.

დამბალხაჭოს უნიკალურობის საიდუმლო

დედამიწის ვერცერთ წერტილში ვერ ნახავ იმის მსგავს პროდუქტს, როგორიც აქ, თიანეთსა და ფშავში დამზადებული დამბალხაჭოა. გარედან ობმოკიდებული, შიგნიდან კი რბილი და ოქროსფერი დამბალხაჭო იჭმევა როგორც მშრალად, ისე ბევრ ერბოსთან ერთად ტაფაზე გაცხელებული. ასეთს ადგილობრივები ხაჭოერბოს სახელით შემოგთავაზებენ, რაზედაც უარი არ უნდა თქვა. ის მსოფლიოში ცნობილ „ფონდიუს“ მოგაგონებს. ამაზე დელიკატურს კი  ვერაფერს მიირთმევ. 

დამბალხაჭოს მომზადების წესი

დამბალხაჭოს დამზადების ორგვარი წესი არსებობს. ერთი მეთოდით, ახალმოწველილ რძეს ფართოპირიან ჭურჭელში ასხამენ და შესამჟავებლად დგამენ, უკვე შემჟავებულ რძეს კი ნაღებს მოხდიან და მისგან კარაქს დღვებენ. დანარჩენი შესქელებული რძით კი ხაჭოს ამზადებენ. მეორე ტექნოლოგიით, უკვე შემჟავებულ რძეს სადღვებელში ასხამენ და ჯერ კარაქს დღვებენ, მორჩენილი დოდან კი ხაჭოს აკეთებენ. 

გამზადებულ ხაჭოს მარილში გადაზელენ, კვერებად დაამრგვალებენ და გასაშრობად მზისგან მოშორებულ ადგილას სპეციალურ სათავსში - ძობანში ჩაალაგებენ. შესაძლოა, ძობანი ცოტა ხნით შესაბოლად კვამლის ზემოთაც დაკიდონ. 

ხაჭოს ამ მეთოდით დაახლოებით 7-10 დღე აშრობენ. შემდეგ შრატში რეცხავენ და კიდევ ცოტა ხანს ტოვებენ გასაშრობად. უკვე გამშრალ ხაჭოს თიხის ქოთნებში ან ქვევრში ათავსებენ და იქ თვე-ნახევარი-ორი თვე ავარგებენ. 

დამბალხაჭო საგემოვნო თვისებებით უნიკალური და პიკანტურია. 
აღსანიშნავია, რომ ის ქართული ქვევრის რქაწითელს ძალიან უხდება

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა