ეს უნიკალური ჰიდროელექტროსადგური სხვადასხვა ნაგებობას მოიცავს: „ენგურჰესის“ თაღოვან კაშხალს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი და უბრწყინვალესი ნაგებობაა; ელექტროსადგურებსა და ვარდნილჰესების კასკადს.
„ენგურჰესის“ თაღოვან კაშხალს მდინარე ენგურის ხეობა ზემო წელში აქვს გადაკეტილი. კაშხლის მშენებლობა 1961 წელს დაიწყო და საექსპლუატაციოდ 1977 წლის 22 დეკემბერს გადაეცა. ბეტონის ნაგებობის სიმაღლე 271,5 მეტრია, თხემის სიგრძე კი – 728 მეტრი. ის მსოფლიოში სიმაღლით მესამე ბეტონის კაშხალია.
მდინარე ენგურის გადაკეტვის შედეგად საქართველოში ყველაზე ღრმა - ჯვრის წყალსაცავი გაჩნდა, რომლის მოცულობა მილიარდ ასი მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.
ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ძირითადი ტექნიკური მონაცემები კი ასეთია:
ჯამური სიმძლავრე – 1300 მგვტ
აგრეგატების რაოდენობა – 5
წლიური საპროექტო გამომუშავება – 4,3 მლრდ კვტ.სთ
მაქსიმალური დაწნევა – 404 მ
„ენგურჰესის“ თაღოვან კაშხალს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
2021 წელს „ენგურჰესის“ კაშხალზე პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა.