KA
Erketi Monastery

ერკეთის დედათა მონასტერი

გურიის ულამაზეს სოფელ ზემო ერკეთში, ჩოხატაურიდან  8 კილომეტრში, IX საუკუნის მონასტერი მდებარეობს, სადაც დღეს მრავალი სიწმინდეა დაცული, მათ შორის ფრესკები, უძველესი სახარება და მთავარანგელოზის ხატი, რომლის სახელობისაცაა ეს მონასტერი. აქ ინახება ხუთი დიდმოწამის - წმინდა გიორგის, წმინდა მინას, წმინდა ბარბარეს, წმინდა მარინესა და წმინდა მკურნალ პანტელეიმონის ნაწილები. კიევ-პეჩორის ლავრიდან კი ოცზე მეტი წმინდა მამის წმინდა ნაწილებია ჩამობრძანებული.  
რეგიონი
გურია
ქალაქი
ჩოხატაური

ერკეთის დედათა მონასტრის არქიტექტურა

ეკლესია, თავისი მიმდებარე ტერიტორიებით, გურიის ერისთავთა საკუთრება გახლდათ და  მისი წინამძღვრები შარვაშიძეები იყვნენ. 

ეკლესია დარბაზული ნაგებობაა ორი მინაშენითა და ორი შესასვლელით - დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ორივე შესასვლელის თავზე გამოსახულია მარტივი, რელიეფური ჯვარი. ფასადებიც სადაა, ინტერიერში კი გვიანი შუა საუკუნეების მოხატულობაა შემორჩენილი. მარჯვენა კედელზე ეპისკოპოსის სამოსლით გამოსახულია ერკეთის წინამძღვარი მაქსიმე III, რომელიც XVIII საუკუნეში ჯუმათის მიტროპოლიტად დაინიშნა და ერკეთის მიმართ დიდ მზრუნველობას იჩენდა. 

ეკლესიის ეზოში წყარო ჩამოდის - ადგილობრივები მოგიყვებიან, რომ ამ წყაროს დაავადებების განკურნება შეუძლია. ეკლესიის გვერდით კი აღმოჩენილია გამოქვაბული, რომელიც ადამიანის მიერაა კლდეში გამოკვეთილი - დიდი ხნის წინათ აქ ბერები ცხოვრობდნენ და ლოცულობდნენ. 

როდესაც გურიაში მოხვდები, აუცილებლად ესტუმრე ერკეთის დედათა მონასტერს, რადგან ერთ პატარა ადგილას ამდენი სიწმინდის ხილვა დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აგავსებს. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა