თბილისის ვაკის პარკი თრიალეთის ქედის ფერდობზე მდებარეობს. პარკი საკმაოდ დიდია – 200 ჰექტარი – და ქალაქის ნაწილად ითვლება, თუმცა მასში გაცილებით მეტი გამწვანებაა, ვიდრე დანარჩენ ვაკის ტერიტორიაზე. პარკი ჩრდილოეთით ილია ჭავჭავაძის გამზირს დიდი კიბეებით უკავშირდება, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით მიხეილ მესხის სტადიონს.
თანამედროვე ვაკის პარკი მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცეა, სადაც სტუმრებს სუფთა ჰაერზე სეირნობის გარდა, ბევრი სხვა შესაძლებლობაც ელით. პარკი ოთხ ძირითად ნაწილად არის გაყოფილი: ისტორიული ცენტრი („დიდების მემორიალით“), სპორტისა და თამაშების ზონა, ღონისძიებების სივრცე და ბუნებაში თამაშის ზონა. აქ არის სპორტული მოედნები, საბავშვო ატრაქციონები, საპიკნიკე ადგილები, ამფითეატრი, ფანჩატურები და ცხოველებისთვის სასეირნო ზონაც კი. პარკის ბილიკები ფეხით მოსიარულეებისა და ველოსიპედისტებისთვის მოსახერხებელია და ერთმანეთთან აკავშირებს პარკის სხვადასხვა ზონას. ეს ბილიკები მოპირკეთებულია წითელი ქვიშით, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და განათებულია თანამედროვე სისტემით.
პარკის ლანდშაფტი განსაკუთრებულია, რადგან აქ მოშენებულია წიწვოვანი, ფოთლოვანი და მარადმწვანე მცენარეები, რაც პარკს ქალაქში უნიკალურ ჰაერსა და გარემოს უქმნის. 2024 წლის მონაცემებით, პარკში 12000-ზე მეტი ბუჩქი და 1300-ზე მეტი ხეა დარგული.
ვაკის პარკის მთავარ შესასვლელში ჩანს ივანე პატარიძის ვეფხვის ცნობილი ქანდაკების წყვილი.(მსგავსს ქანდაკებებს ვხვდებით ზოოპარკის შესასვლელშიც) პარკის მთავარი სიმბოლოა „დიდების მემორიალი“ - არქიტექტურული ნაგებობა, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება: შადრევნების კასკადი, უცნობი ჯარისკაცის საფლავი კიბის ძირში და კიბის თავზე მდებარე ქალის მონუმენტური ქანდაკება, რომლის ავტორია მოქანდაკე გიორგი ოჩიაური.
ბოლო საუკუნეში ვაკის პარკის ტერიტორიამ ბევრი ცვლილება განიცადა. 1935 წელს ეს ადგილი თბილისის პლანეროდრომს ეკუთვნოდა, სადაც სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები და ფრენები იმართებოდა. 1946 წელს კი კომუნისტურმა მთავრობის გადაწყვეტილებით აქ საზოგადოებრივი პარკი შექმნა.
პარკის არქიტექტურული გეგმა არქიტექტორმა ქუჩუ დგებუაძემ შეიმუშავა, ხოლო გამწვანების გეგმა სპეციალისტმა ნელი ციციშვილმა შექმნა. პროექტი „ქალაქის პარკის“ პრინციპით მუშავდებოდა და საბოლოოდ, ეს პარკი თბილისის ყველაზე დიდი პარკი გახდა. მიზანი ადგილობრივი ბუნების და საბჭოთა პარკის დიზაინის შერწყმა იყო. 1946-1981 წლებში პარკის გამწვანება და განაშენიანება აგრონომ-დეკორატორმა გიორგი მრულიშვილმა განახორციელა. სწორედ მისი შრომის შედეგად შემოგვრჩა დღესდღეობით პარკის მწვანე საფარი.
1957 წელს პარკს ოფიციალურად "გამარჯვების პარკი" უწოდეს, რაც 1992 წლამდე დარჩა. ვეფხვების ცნობილი ქანდაკებები შესასვლელში 1948 წელს განათავსეს, ხოლო "დიდების მემორიალი" 1981 წელს - მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად დააშენეს. ამ პროექტზე გიორგი ოჩიაურთან ერთად არქიტექტორები ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, კიაზო ნახუცრიშვილი და ოთარ ლითანიშვილი მუშაობდნენ.
2021-2024 წლებში პარკში ყველაზე დიდი სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდ. ამისთვის მნიშვნელოვანი კვლევები ჩატარდა, მათ შორის ხელოვნებისა და მცენარეთა შესწავლა, პარკის ვიზიტორების გამოკითხვა და ტერიტორიის დეტალური კვლევა.
პარკში ათასობით ახალი ბუჩქი და ხე დაირგო. პროექტის დასრულების შემდეგ კი დამატებით 7 ათასზე მეტი ნერგი დაირგვება. აშენდა ახალი ამფითეატრი, შექმნილია კომფორტული დასასვენებელი ადგილები, განახლდა ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდა ახალი შადრევნები და გაკეთდა ახალი სარწყავი და სანიაღვრე სისტემები. ასევე, ცენტრალურ შესასვლელთან ისტორიული შადრევანი აღდგა. განახლდა ასევე განათებაც, თუმცა ახალი ნათურები ძველის მსგავსი დარჩა, რათა პარკის ძველი სახე შენარჩუნებულიყო.
პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი მემორიალის, მათ შორის შადრევნების სისტემის განახლება იყო. ასევე მთლიანად განახლდება წყლის კასკადიც, მაგრამ მისი ძველი სახე უცვლელი დარჩება.
ვაკის პარკთან ყველაზე ახლოს ორი მეტროსადგური - “რუსთაველი” და “დელისი” მდებარეობს.
თუ ძველი თბილისის მხრიდან მიდიხართ, მეტრო "რუსთაველის" სადგურიდან უნდა გამოხვიდეთ, შემდეგ გადაკვეთოთ ქუჩა და მელიქ აზარიანცის სახლთან ავტობუსის გაჩერებაზე დაელოდოთ ტრანსპორტს. ავტობუსით პარკამდე 15-20 წუთში ჩახვალთ. თუ ფეხით წახვალთ, დაახლოებით 45 წუთი დაგჭირდებათ.
თუ საბურთალოს მხრიდან მიდიხართ, საუკეთესო იქნება მეტრო "დელისის" სადგურზე ამოსვლა, შემდეგ გადაკვეთავთ ქუჩას და თამარაშვილის ქუჩაზე ავტობუსის გაჩერებამდე ჩახვალთ. ავტობუსს პარკამდე 10-15 წუთი სჭირდება, ფეხით კი 30 წუთში მიხვალთ.
კუს ტბა - ვაკის პარკი და კუს ტბა საბაგიროთი არის შეერთებული, რომელსაც 6-7 წუთი სჭირდება. კუს ტბაზე უამრავი სასეირნო ადგილი და ბილიკი შეგხვდებათ, ასევე შესაძლებელია კატამარანის ქირაობაც. აქ უამრავი კაფე და რესტორანია, სადაც ზაფხულში ღონისძიებები ტარდება და თუ დროის სახალისოდ გატარება გსურთ, ამ ადგილებს აუცილებლად უნდა ესტუმროთ.
თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი - მუზეუმი ღია სივრცეში, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული სახლებია გამოფენილი. მუზეუმში 70-ზე მეტი ძველი სახლი და ნაგებობაა, მათ შორის სვანური კოშკი და აჭარული სახლები. აქ ხშირად იმართება ფესტივალები, ხელობის გაკვეთილები და ფოლკლორული ღონისძიებები.
თბილისის საკონცერტო დარბაზი - ეს არის მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი ქალაქში, რომელიც კოსტავა და მელიქიშვილის ქუჩებზე მდებარეობს და ხშირად სხვადასხვა კონცერტებს მასპინძლობს. აქ ბევრი ადამიანი მოდის არა მხოლოდ კონცერტების მოსასმენად, არამედ ბრინჯაოს ქანდაკების სანახავად, რომელიც ნიღბებს ატარებს და უბნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ სიმბოლოდ ითვლება.