KA
The Vani Caves

ვანის ქვაბები

კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულების ეს კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ნიმუშია. ვანის ქვაბები VIII საუკუნის კლდის არქიტექტურის ძეგლია, რომელიც სამცხე-ჯავახეთში, დაბა ასპინძიდან 27 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ასპინძა

ვანის ქვაბების სტრუქტურა

კლდეში 16 სართულად ნაკვეთი 200-მდე გამოქვაბულია, რომლებიც მოიცავს სადგომებს, სამეურნეო დანიშნულების სათავსებს, ოთახებს, აგრეთვე, სამარხებს, თავშესაფარს, გვირაბებს, 6 ეკლესიას, წყალსადენისა და წყალსაცავის ნაშთს. 

ვანის ქვაბებმა ხელი შეუწყო XII-XIII საუკუნეებში ვარძიის ხუროთმოძღვრული ფორმების ჩამოყალიბებას. 

კომპლექსის ცენტრში წმ. გიორგის სახელობის გუმბათოვანი ტაძარი დგას. დღეს აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

საუკუნეების განმავლობაში აქ უმნიშვნელოვანესი სასულიერო ცენტრი და საგანმანათლებლო კერაც იყო; 

ტაძარს მოჩუქურთმებული ქვითკირის კარიბჭე აქვს. სამრეკლოს ქვები ორნამენტირებულია. 

ვანის ქვაბებში რვაქვევრიანი მარანიც არის; არქეოლოგებმა ასევე მიაკვლიეს მოჭიქული კერამიკული ჭურჭლის სახელოსნოსა და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობას, კლდეში ნაკვეთი საწნახლითა და პატარა წყალსადენით. 

კომპლექსის ზედა ნაწილში კლდეში ნაკვეთი პატარა ეკლესიაა. მის კედლებზე ქართული ლიტერატურული შედევრის, „ვეფხისტყაოსნის“ სტროფებია წაწერილი, რომლებიც XV საუკუნის II ნახევარში აქ თავდასაცავად შეხიზნულ ქალებს მელნით შეუსრულებიათ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა