KA

ველოტური - როშკა-აბუდელაური

როშკა - აბუდელაურის ველოტურის მოსაწყობად ჯერ სოფელ როშკაში უნდა ჩახვიდე, რომელიც ხევსურეთში მდებარეობს და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ნაწილია.

როშკა ზღვის დონიდან 2000 მეტრზეა და იქამდე მისასვლელად მაღალი გამავლობის ავტომობილია საჭირო.

ველოტური სოფელში იწყება, ჭიუხის მასივისკენ მიემართება და საბოლოოდ აბუდელაურის ტბებთან მიდის.

ტურის მთავარი ღირსშესანიშნაობა სწორედ აბუდელაურის ფერადი ტბებია. მწვანე, ლურჯი და თეთრი ტბა ზღვის დონიდან 2600-2800 მეტრზე მდებარეობს და მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებენ.

აბუდელაურის ტბებიდან ველობილიკი უკან, სოფელ როშკაში ბრუნდება.

რა უნდა იცოდე

ველობილიკი საკმაოდ ტექნიკურია და, სირთულის გამო, მისი გავლის რეკომენდაციას მხოლოდ გამოცდილ ველომრბოლელებს აძლევენ. ტრასის სიგრძე 5,5 კმ-ს შეადგენს. 

რა უნდა გაითვალისწინო

მარშრუტის დაწყებამდე გადაამოწმე, სრულად გაქვს თუ არა ტურისთვის საჭირო აღჭურვილობა - სამუხლე, ჩაფხუტი, ხელთათმანი, საიდაყვე, კამერა, აფთიაქი, წყალი და სათადარიგო ნაწილები.

როშკა - აბუდელაურის ველოტურის მოსაწყობად საუკეთესო პერიოდი ივლისის შუა რიცხვებიდან პირველ თოვლამდეა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა