ეკლესია IX-XI საუკუნეებით თარიღდება, რასაც შესასვლელის ასომთავრული წარწერიდან ვიგებთ. სამხრეთ ფასადი სტოაა, რომლის სვეტებიც ჩუქურთმებითაა მორთული. მონასტრის ინტერიერიც მდიდრულად ყოფილა შემკული - ამაზე კედლის მხატვრობის კვალი მეტყველებს, თუმცა მან XX საუკუნემდე თითქმის დანგრეულმა მოაღწია. ამჟამად ტაძარი მთლიანად რესტავრირებულია.
ტაძარს 4-მეტრიანი საიდუმლო გვირაბი და სამალავები აქვს, სადაც მტრის შემოსევისას ეკლესიის სიწმინდეებს ინახავდნენ.
ვარძიის ღვთისმშობლისა და წმინდა ნიკოლოზის ხატები ეკლესიის მთავარი სიწმინდეებია.
ვარძიის ღვთისმშობელი ის ხატია, რომელსაც თამარ მეფემ ბასიანის ბრძოლის წინ (1202 წ. 27 ივლისი) საქართველო შეავედრა. ბასიანში გამარჯვებამ ქვეყანა დიდ ტრაგედიას გადაარჩინა. ხატის ორიგინალი XVI საუკუნეში დაკარგულა. XIX საუკუნეში ხატის ასლი შეიქმნა, რომელიც ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.
ტაძრის მეორე სიწმინდე - წმინდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედი, მირონმდინარე ხატი უკვე 12 წელია, რაც აქ ინახება.
მონასტრის ყველა კუთხე-კუნჭულს მონაზვნების ხელი ეტყობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მხარეში საკმაოდ მკაცრი კლიმატია, ეზო ულამაზეს ყვავილებშია ჩაფლული. აქ მონაზვნები ყვავილების გამრავლების შესახებაც გიამბობენ, სანთლის ჩამოქნას გასწავლიან და რაც მთავარია, მონასტერში მონაზვნების ხელით - ოქრომკედითა და ძველქართული ტექნიკით შესრულებულ ნაქარგებსაც ნახავ.
დღეს მონასტრის კარი ყველასთვის ღიაა.