სალოცავის სახელწოდება სპარსული სიტყვიდან „ათეშგაჰ“ („ათეშ“ - ცეცხლი, „გაჰ“ - ადგილი) იღებს სათავეს და ცეცხლის საგზებელ ადგილს ნიშნავს. მას მოიხსენიებდნენ, როგორც უკიდურესი ჩრდილოეთით მდებარე ზოროასტრულ ტაძარს. ათეშგაში ცეცხლს ხეხილის ხისგან ანთებდნენ, რადგან მის ნამწვს სასიამოვნო სუნი ასდიოდა.
ათეშგა კუბის ფორმის, აგურით ნაგები შენობაა. მისი გუმბათი ამჟამად ჩამოშლილია. ადრე კი მისი კუთხეები პილასტრებით ყოფილა დაფარული, ფასადები - ორთაღედით მორთული. რაც შეეხება ინტერიერის კედლებს, აქ შეისრულთაღოვანი ნიშებია.
XVIII საუკუნის 20-იანი წლებიდან ზოროასტრული ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა, შემდეგ კი - საწყობად. გასულ საუკუნეში მას საცხოვრებლის ფუნქცია ჰქონდა. 2007-2009 წლებში, როცა ორგანიზაცია ICOMOS-მა ბეთლემის უბნის რევიტალიზაცია განახორციელა, ათეშგას აღდგენითი სამუშაოებიც ჩატარდა და ის დროებითი სახურავით გადაიხურა.