სწორედ აქ, ლეჩხუმში, სოფელ ზუბში, მთების შუაგულ ხეობაში კონცხზე ამოზიდული ზუბის ციხე დგას. ამ სტრატეგიული ადგილიდან იმერეთისა და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი მთავარი გზა კონტროლდებოდა. კოშკს ერთ მხარეს კლდეები აკრავს, მეორე მხრიდან კი მდინარე იცავს, რის გამოც ეს ადგილი მიუვალია.
ზუბის ციხე გეოგრაფ ვახუშტი ბატონიშვილის წიგნში „ქართლის ცხოვრება“ მოხსენიებულია, როგორც თაკვერის ციხე. მისი განმარტებით, ის თაკვერის ერისთავის რეზიდენცია იყო.
მოშინდისფრო კლდის ქვით ნაგები კოშკის კედლების წყობა სხვადასხვაგვარია. ციხის ჩრდილოეთით ნახევრად წრიული საბრძოლო ბურჯი დგას, აღმოსავლეთით – მრგვალი კოშკის ნაშთი, მის ქვემოთ კი წყლის რეზერვუარი ყოფილა.
ციხე სულ სამი ტერასისგან შედგებოდა. პირველი მათგანი თხრილით გამაგრებული კვადროვანი გალავნით იყო გარშემორტყმული, მეორეს ქვით ნაგები საყრდენი კედელი ჰქონია. მესამე ტერასა კი, შემაღლებულ ადგილზე, ნატეხი ქვით ნაგები უნდა ყოფილიყო.
ზუბის ციხეს სხვადასხვა ეპოქის კვალი ატყვია. როგორც ჩანს, ის გვიან საუკუნეებში გაუახლებიათ.