KA
თათარა

თათარა

ყველაფერი კახეთში დაიწყო, მხარეში, სადაც საქართველოში ყველაზე მეტი ყურძნის ჯიში ხარობს და რომლებიც, არომატთან ერთად, მაღალი სიტკბოებით გამოირჩევა. სწორედ ყურძნის წვენითა და ხორბლის ფქვილით აკეთებენ ამ კუთხეში უგემრიელეს ტკბილეულს, რომელსაც თათარა ჰქვია და რომლისგანაც ყველასთვის ცნობილ ჩურჩხელას ამზადებენ.

თათარა საქართველოს ისტორიაში

რატომ დაარქვეს ან საიდან წარმოიშვა სახელი თათარა, ისტორიას არ შემოუნახავს, მაგრამ საქართველოში არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილ და ჩვ.წ. II საუკუნით დათარიღებულ სამარხებში ნაპოვნია თიხის ფირფიტები, რომლებზეც თათარაში ჩურჩხელის ამოვლების სცენებია ასახული. იქვე ნაპოვნია თიხის სპეციალური ჭურჭელი, რომელშიც ძველი ქართველები ჩურჩხელას ინახავდნენ. გარდა ამისა, როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, ქართული ვაზის ჯიშებში განსაკუთრებული ადგილი ჰქონია დათმობილი საბადაგე, ანუ ჩურჩხელის დასამზადებლად ყველაზე ვარგის ყურძნის ჯიშებს. ქართული ვაზის ჯიშები ასორტიმენტის მიხედვით ყოფილა დაჯგუფებული - საღვინე, ყურძნის წვენის, ჭაჭის, სამაჭრე და საბადაგე. უშუალოდ საჩურჩხელედ ყურძნის შემდეგ ჯიშებს იყენებდნენ: ბუერას, მხარგრძელს, ქიშურს, ცხენის ძუძუს და სხვა.

რა უნდა იცოდე თათარის მთავარ ინგრედიენტზე - ბადაგზე?

ბადაგი ყურძნის წვენისგან კეთდება და მას ტკბილს უწოდებენ, ამიტომ ბადაგის მოსამზადებელი პროცესი პირდაპირ უკავშირდება რთველს. ბადაგისთვის დღეს ყველაზე ხშირად რქაწითლის წვენს იყენებენ, რომელიც მაღალი სიტკბოებით გამოირჩევა და ბადაგისთვის საუკეთესოდ მიიჩნევა. ამიტომ რთვლის დასრულების შემდეგ ქვევრში დაწურულ ყურძნის წვენს მაშინვე იღებენ, საცერში წურავენ და თუჯის ქვაბში ასხამენ. შემდეგ ცეცხლზე დგამენ და ტკბილის მისაღებად მანამ ადუღებენ, სანამ სითხე არ განახევრდება და მუქ, სპეციფიკურ, ბადაგის ფერს არ მიიღებს. დუღილის პროცესში ქაფის რამდენჯერმე მოხდა აუცილებელია.

შემდეგ კი სითხეს ერთი დღით ჭურჭელში გასაცივებლად და დასაწმენდად ტოვებენ. დაწმენდილ ბადაგს კი სუფთა ჭურჭელში ფრთხილად გადაწურავენ და კარგად დახუფავენ. 

ბადაგი წლების განმავლობაში არ ფუჭდება, ამიტომ მას წელიწადის ნებისმიერ დროს ხარშავენ. 

გაითვალისწინე, რომ თათარაობა კახეთის ყველაზე გვიანი ტრადიციული რიტუალია, რომელსაც ოქტომბრის ბოლოს, ზოგჯერ ნოემბერშიც მართავენ.

სადესერტო თათარა

თათარა კახეთის ტრადიციული ტკბილი დესერტია, რომელიც სუფრაზე ლხინის დროს მიაქვთ. სადესერტო თათარა შედარებით მცირე რაოდენობით კეთდება და საჩურჩხელე თათარისგან განსხვავებით, შედარებით თხელია. მართალია, მათი მომზადების პროცესი ერთნაირია, მაგრამ, რაოდენობის გამო, მისი გაკეთება შედარებით იოლია.  

მართალია, მაღალი ხარისხის ფქვილი ბევრ დესერტში საუკეთესოდ მიიჩნევა, მაგრამ თათარაობისთვის, ანუ ჩურჩხელის გასაკეთებლად, კახეთში რუხ ფქვილს იყენებენ, რადგან მას გემოც სხვანაირი აქვს და თან მასში ამოვლებული ჩურჩხელა მალე არ ხმება. თუმცა სადესერტოდ მოსამზადებელ თათარაში ხშირად უმაღლესი ხარისხის ფქვილიც გამოიყენება.

თათარის გასაკეთებლად ბადაგს ქვაბში ასხამენ და ოდნავ ათბობენ. შემდეგ ფქვილს უმატებენ. ერთ ლიტრ ტკბილში ერთ ჭიქა, დაახლოებით 200 გრამ რუხ ან თეთრ ფქვილს აზავებენ და კარგად ხსნიან. თათარის კეთების პროცესში კი ქვაბს მუდმივად მორევა სჭირდება, რომ არ აიკვირწლოს და ქვაბის ძირში არ მიიწვას. დუღილის პროცესში მასა თანდათან ბლანტდება და სქელდება. თათარამ მანამ უნდა იდუღოს, სანამ ფქვილის გემო არ დაეკარგება.

მომზადებულ მასას თეფშებზე ანაწილებენ, ზევიდან წვრილად დაჭრილ ნიგოზს ან თხილს აყრიან და სადესერტო თათარაც მზადაა. გემოვნებისამებრ, ზოგჯერ ნიგოზსა და თხილს თათარაში ხარშვის პროცესშივე ყრიან, ხოლო ბლანტ მასას სხვადასხვა ფორმაში ასხამენ.

თათარა კახურ სუფრას კიდევ უფრო ეგზოტიკურს ხდის.

თათარის სასარგებლო თვისებები

თათარა მაღალკალორიულობითა და ორგანიზმისთვის სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. მასში შემავალი ნივთიერებები ძლიერ ანტიოქსიდანტებს მიეკუთვნება, რომელიც ზრდის ორგანიზმის ბრძოლისუნარინობასა და იმუნიტეტს, აგრეთვე, ეფექტურია კუჭ-ნაწლავის დაავადებების, რაქიტის, სისხლნაკლებობის, სასუნთქი გზებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროსაც. 

რა არის თათარაობა?

თათარაობა კახეთში ერთ-ერთი ყველაზე მხიარული რიტუალია, რომლის დროსაც უგემრიელეს ჩურჩხელას ამზადებენ. ამ პროცესზე დასწრება უდიდესი სიამოვნება და ულამაზესი სანახაობაა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა