KA
The Botanical Garden

თბილისის ბოტანიკური ბაღი

თბილისის ძველ უბანში, ჭრელ აბანოებთან პატარა აღმართს რომ აუყვები და ბოტანიკურის ქუჩის პირველ ნომერში ალაყაფის ჭიშკარს შეხსნი, შენი მოგზაურობა 4 საუკუნის წინანდელ ბაღში დაიწყება, რომელსაც ბოტანიკური ბაღის სტატუსი 180 წლის წინათ მიანიჭეს.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რას ნახავ ბოტანიკურ ბაღში?

შესასვლელშივე პატარა სასეირნო ელექტრომობილები დაგხვდება, მაგრამ აჯობებს, ფეხით გაუყვე ბაღის ბილიკებს, რომლებიც მდინარე წავკისისწყლის კალაპოტის გასწვრივ გადის. გზად სიმწვანეში ჩაფლულ სკვერებს გაივლი, სადაც ბევრი ადგილია დასასვენებლად, შემდეგ - დუმფარებიან ტბორს და მალევე წავკისისწყლის ჩანჩქერთან მოხვდები, რომლის თავზეც 1898 წელს აგებული ხის ხიდი დაგხვდება - ბოტანიკური ბაღის ერთგვარი სავიზიტო ბარათი.

თბილისის ბოტანიკური ბაღი უნიკალურია იმითაც, რომ ის ქალაქის ცენტრშია, ბუნებრივ ლანდშაფტზეა გაშენებული, კანიონი მდინარის მიერ მილიონობით წლის განმავლობაშია გაჭრილი და ვულკანური წარმოშობის ქანებით არის აგებული. დანარჩენი კი ბოტანიკური ექსპერიმენტებია, რომლებმაც გაამართლა და ახლა აქ, შუაგულ ქალაქში, მცენარეების 3500-მდე სახეობა ხარობს.

თუ ამაღელვებელი შეგრძნებები მოგწონს, შეგიძლია, ნარიყალას ციხიდან  270-მეტრიანი ზიპლაინით პირდაპირ ბაღში ჩამოსრიალდე, კედელზე ცოცვის მოყვარულებს კი ბუნებრივი კლდე დაგხვდებათ, სადაც ქართველი მეკლდეურები და მთამსვლელები ვარჯიშობენ.

ამ უნიკალური ბაღის ისტორიისა და მცენარეთა სახეობების შესახებ საინტერესო ამბების მოსმენა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლია, თუკი ვიზიტორთა ცენტრში შემეცნებით ტურს აიღებ. 

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა