1818 წლის ბოლოს საქართველოში ექვსი შვაბური კოლონია დაარსდა, რომლებსაც მოგვიანებით კიდევ რამდენიმე დასახლება დაემატა. შრომისმოყვარე შვაბებმა, რომლებიც მტკიცედ იცავდნენ ლუთერანულ ტრადიციებს, ყველა დასახლებაში სამლოცველო სახლი გახსნეს. მოგვიანებით სამლოცველო სახლები ეკლესიებმა შეცვალა. საქართველოში გადმოსახლებული ლუთერანი გერმანელებისთვის საეკლესიო ცხოვრება გამაერთიანებელი ძალა გახდა და ასე გაგრძელდა კომუნისტური მმართველობის დამყარებამდე.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, მართლმადიდებლების მსგავსად, პრობლემები ლუთერანებსაც შეექმნათ. თანდათანობით აიკრძალა რელიგიის გაკვეთილები და ღვთისმსახურება. ეკლესიებში კინოები, თეატრები, სპორტული დარბაზები და საწყობები გახსნეს. 1941 წლის 15 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე პერიოდში საქართველოდან 23 580 გერმანული წარმოშობის მოქალაქე გაასახლეს, 1945 წელს კი გერმანელ სამხედრო ტყვეებს მათი ეკლესია დაანგრევინეს.
ახალი ეკლესია საქართველოში დარჩენილმა გერმანელებმა 1995-1997 წლებში თბილისში, ყოფილი გერმანული სასაფლაოს ტერიტორიაზე, გრანელის ქუჩაზე ააგეს და მას შერიგების ეკლესია უწოდეს. ეკლესიის მშენებლობის სულისჩამდგმელი, ორგანიზატორი და დამფინანსებელი საქართველოში ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის პირველი ეპისკოპოსი, დოქტორი გერტ ჰუმელი იყო.