KA
Tbilisi Opera House

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, ფსევდო მავრიტანული არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში, ქალაქ თბილისის მთავარ ქუჩაზე - რუსთაველის გამზირზე მდებარეობს. შენობა გერმანელი არქიტექტორის, ვიქტორ შრეტერის მიერ არის (Viktor Johann Gottlieb Schröter) დაპროექტებული.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორია

თეატრი 1896 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ამ სცენაზე მსოფლიოს ცნობილი საოპერო და საბალეტო დასები გამოდიოდნენ, მათ შორის: იტალიური ოპერა, ვენის საიმპერატორო ოპერეტა, მოსკოვისა და პეტერბურგის კომიკური ოპერები და პეტერბურგის საიმპერატორო ბალეტი.

პირველი ქართული ოპერა 1918 წელს შესრულდა, პირველი ქართული კლასიკური ბალეტი კი 1936 წელს თანამედროვეობის ერთ-ერთმა უდიდესმა მოცეკვავემ ვახტანგ ჭაბუკიანმა დადგა.

რას ნახავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში?

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფერადი ვიტრაჟები, ჭერისა და კედლების ჩუქურთმები, სარკეებიანი დარბაზი,  სცენის მთავარი ფარდა და უნიკალური ცენტრალური ჭაღი დაგხვდება, რომელიც  ერთ-ერთი ყველაზე პომპეზური ქმნილებაა ევროპაში - ჰაუპტისა და სვაროვსკის ბროლით და 600 ნათურით. 

დარბაზი 1065 მაყურებელს იტევს.

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში შემეცნებითი ტურებიც ეწყობა. საშუალება მოგეცემათ, დაათვალიეროთ სარეპეტიციო დარბაზები, თეატრის მუზეუმი და მისი ექსპონატები - მათ შორის, უნიკალური სასცენო კოსტიუმები; 

1937 წლიდან თეატრი დიდი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის სახელს ატარებს და ყოველ სეზონს მისი დიდებული ოპერით „აბესალომ და ეთერით“ ხსნის.   თეატრის რეპერტუარშია მსოფლიო საოპერო და საბალეტო კლასიკა, ასევე, სხვადასხვა ქორეოგრაფიული სტილის დადგმები.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა