KA
2024-12-10T06:13:18.000000Z
თბილისის სასტუმროების გზამკვლევი ტურისტებისთვის

თბილისის სასტუმროების გზამკვლევი ტურისტებისთვის

თბილისში 280-ამდე სასტუმრო ფუნქციონირებს. მათ შორის არის ქართული, უნიკალური სტილის სასტუმროები, საოჯახო სასტუმრო სახლები და, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ბრენდები.
სარჩევი

საქართველოში ოპერირებს როგორც მაღალი კლასისა და საკმაოდ ძვირად ღირებული სასტუმროები, ისე საშუალო კლასის ბრენდები, რომლებიც მთელ მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს.

სასტუმრო რუმსი თბილისი

Rooms Hotel Tbilisi 2014 წელს გაიხსნა.  

გამორჩეული ინტერიერის სივრცეში სხვადასხვა კატეგორიის სასტუმრო ოთახები 5 სართულზეა გადანაწილებული.

Rooms Hotels-ში 141 ნომერია. ძველისა და თანამედროვეობის ჰარმონიით შექმნილი ოთახები დამსვენებლის სრულ კომფორტზეა გათვლილი.

24 სთ-იანი მომსახურება, ავტოპარკინგი, ბიზნესცენტრი, საკონფერენციო დარბაზები, სპორტდარბაზი - Rooms Hotels-ის კომფორტის მცირე ნაწილია.

სასტუმროს რესტორანი და ბარი ეგზოტიკურ და ულამაზეს ეზოს უერთდება. აქ როგორც ქართული, ისე მსოფლიო კულინარიის კერძების დაგემოვნებას შეძლებ.

Rooms თბილისის ცენტრალურ უბანში, ვერაზე მდებარეობს -  მერაბ კოსტავას ქუჩა N14. 

სასტუმროდან 5 წუთის გზაა რუსთაველის მოედნამდე, საიდანაც რუსთაველის გამზირზე - დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე გადიხარ. 

www.roomshotels.com
[email protected]
(+995 32)2020099

სასტუმრო სტამბა თბილისი

Stamba Hotel Tbilisi, სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ის მსგავსად, მერაბ კოსტავას ქ. N14-ში მდებარეობს.  

უნიკალური დიზაინი, სადაც ვინტაჟი და თანამედროვე სტილი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, სასტუმრო ოთახები სრული კომფორტით (150 ნომერი), გალერეები და საგამოფენო სივრცეები, შოკოლატერია, საცხობი, „შიო რამენი“, წიგნის მაღაზია - ეს უნიკალური გარემო ნებისმიერი გემოვნების ადამიანს იზიდავს.

სასტუმროს პირველ სართულზე განთავსებული კაფე „სტამბა“ კი, წინა საუკუნის განსაკუთრებული სენტიმენტებითა და სტილით, სტუმრებს ადგილობრივი ფერმერების აგროპროდუქტებისაგან დამზადებულ ქართულ და ევროპულ სამზარეულოს  სთავაზობს. Stamba Chocolaterie კი არომატული შოკოლადითა და ყავით გაგიმასპინძლდება.

Stamba Hotel Tbilisi საუკეთესო ადგილია არა მხოლოდ მოგზაურებისთვის, არამედ  საქმიანი ადამიანებისთვის, ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლებისთვის. 

მის.: თბილისი. მერაბ კოსტავას ქ. N14

ტელ.: 202 11 99

ელფოსტა: [email protected]

ვებგვერდი: www.stambahotel.com

ფაბრიკა / Fabrika  - Hostel in Tbilisi

მულტიფუნქციური სივრცე Fabrika თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მდებარეობს.

აქ დღის ნებისმიერ მომენტში სიცოცხლე დუღს -  ფაბრიკაში ერთ სივრცეშია მოქცეული კაფეები და ბარები, მაღაზია-სახელოსნოები, საგანმანათლებლო და საერთო სამუშაო სივრცეები და რეგიონში ყველაზე დიდი ჰოსტელი.

Fabrika Hostel & Suites გთავაზობთ კეთილმოწყობილ ინდივიდუალურ ან საერთო საცხოვრებელ ოთახებს, სადაც თანამედროვე კომფორტი დაგხვდება - ტელევიზორი, კონდიციონერი, უფასო WiFi და ა.შ. 

„ფაბრიკის“ პლუსია მისი მდებარეობაც - ნინოშვილის ქ. N8. აქედან ფეხით 5 წუთის გზაა აღმაშენებლის გამზირის განახლებულ უბანში. დაახლოებით, 10 წუთში კი თბილისის ერთ-ერთ კოლორიტულ ბაზრობასთან - მშრალ ხიდზე აღმოჩნდები. თუ საპირისპირო მიმართულებით წახვალ, თითქმის იგივე მანძილია მარჯანიშვილის თეატრის შენობამდე, შემდეგ გალაკტიონის ხიდს გადაივლი, ელბაქიძის აღმართს აუყვები და რუსთაველის გამზირზე აღმოჩნდები.

თბილისი, ნინოშვილის ქ. #8

ტელ.: 202 03 99,   (577) 31 31 16

ელფოსტა: [email protected]

ვებგვერდი: www.fabrikatbilisi.com

ჰოლიდეი ინნ თბილისი

Holiday inn Tbilisi თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მდებარეობს - სასტუმროს შენობის მარჯვნივ სპორტის სასახლეა, მარცხნივ კი პეკინის გამზირი იწყება, რომელიც თბილისში ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო ქუჩაა.  

21-სართულიანი შენობა 252 ნომრით მუდამ მზად არის, სრული კომფორტი შეუქმნას სტუმრებს. 

სასტუმროს აქვს შეხვედრების დარბაზი, წვეულების დარბაზი, ბიზნესცენტრი, ობიექტები შშმ სტუმრებისთვის; 

შენს განკარგულებაში იქნება საცურაო აუზი, ულამაზესი დიზაინის ბარი და რესტორანი. 

Holiday inn Tbilisi-ში ფუნქციონირებს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი კაზინო „აჭარა“ - ეს სახელი ძველი სასტუმროს პატივსაცემად შემორჩა. საბჭოთა პერიოდში ამ შენობაში სასტუმრო „აჭარა“ ფუნქციონირებდა. დღევანდელი თანამედროვე  Holiday inn სწორედ მისი რებრენდინგია.

თბილისი, 26 მაისის მოედ. #1

ტელ.: ტელეფონი: (+995 32) 2 30 00 99

ელფოსტა: [email protected]

ვებგვერდი: www.holidayinn.com

სასტუმრო ბილტმორი თბილისი

Baltimore Hotel Tbilisi-ს შემინული შენობის სიმაღლე 150 მეტრამდეა და ქალაქის ყველა წერტილიდან ჩანს.

სასტუმროს ინტერიერი მდიდრული ჭაღებითა და ავეჯით, ხელოვნების ნიმუშებითა და თანამედროვე დიზაინითაა გაფორმებული. 

სასტუმროს 214 ნომერში ფუფუნებამდე აყვანილ კომფორტს გთავაზობენ. 

აქ ყველა პირობაა შექმნილი როგორც საქმიანი შეხვედრების, ისე დასვენებისთვის -  რამდენიმე საკონფერენციო ოთახი, ბიზნესცენტრი, ფიტნესცენტრები, საცურაო აუზი, საუნა, ბარები, რესტორნები და სხვა. 

თბილისის საოცარი ხედები იშლება სასტუმროს 31-ე სართულიდან, სადაც  რესტორანი „ზიმი“ მდებარეობს. ის განკუთვნილია მათთვის, ვისაც მდიდრულ გარემოში სურთ რომანტიკული შეხვედრის, ბიზნესსადილისა თუ წვეულების მოწყობა.

მის.: თბილისი, რუსთაველის გამზირი #29

ტელ.: (+995 32)2727272

ელფოსტა:[email protected]
ვებგვერდი: www.millenniumhotels.com 

ვინდჰემ გრანდ თბილისი

მდიდრული და ელეგანტური Wyndham Grand Tbilisi ლადო გუდიაშვილის N3-ში მდებარეობს. 

სასტუმროში 158 თანამედროვე ნომერია. თითოეულ ოთახში დაგხვდება ტელევიზორი, მინიბარი, სეიფი და მაღალსიჩქარიანი Wi-Fi.

Lobby Lounge-ში უგემრიელეს კერძებსა და გამაგრილებელ სასმელებს შემოგთავაზებენ, ისარგებლებ დახურული აუზით, საუნითა და პრემიუმ ფიტნესცენტრით. 

სასტუმროში მოწყობილია თანამედროვე სივრცეები ოფიციალური შეკრებებისთვის, დღესასწაულებისთვის და გამოფენებისთვის. დიდი საკონფერენციო დარბაზი 400-ამდე სტუმარს იტევს.

Wyndham Grand საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და ეროვნული მუზეუმის ისტორიულ შენობებს შორისაა მოქცეული. სასტუმროდან გამოხვალ თუ არა, ქვაფენილიან ქუჩას აუყვები და თბილისის მთავარ გამზირზე აღმოჩნდები. 

მის.: თბილისი, გუდიაშვილის N3

ტელ.: 243 90 00

ელფოსტა: [email protected]

ვებგვერდი: www.wyndhamhotels.com

თბილისი მარიოტი

რუსთაველის გამზირზე მდებარე ამ ლამაზ შენობას, რომელშიც დღეს სასტუმრო Marriott Tbilisi მდებარეობს, საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. 

ამ მშვენიერი და იმ დროისათვის, უიშვიათესი არქიტექტურის შენობაში 1915 წელს გაიხსნა სასტუმრო „მაჟესტიკი“. ის კავკასიაში ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა,  მეცენატმა, ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა მიქაელ არამიანცმა ააშენა. მისივე აშენებულია გვერდით მდებარე შენობა, სადაც იმ დროს სასტუმრო „არფასტო“ იყო განთავსებული, ამჟამად კი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტია.

„მაჟესტიკის“ ისტორიას მარმარილოს კედლები და უკვე გათანამედროვებული ბროლის ჭაღები ინახავს. 

Marriott Tbilisi-ში შესვლისთანავე შეამჩნევ სასტუმროს დახვეწილ დიზაინს, რომელიც ძველ თბილისურ ამბებში გამოგზაურებს. 

სასტუმროს ნომრებში კი თანამედროვეობის სრული კომფორტი დაგხვდება.

Marriott-ის საფირმო რესტორანში Parnas Cafe ქართული და მსოფლიო კულინარიის კერძებით გაგიმასპინძლდებიან. Majestic Bar & Lounge კი იდეალური ადგილია დილის საუზმისთვის, თანაც ვიტრაჟული ფანჯრებიდან პირდაპირ უყურებ რუსთაველის გამზირს. 

Marriott Tbilisi-ში საქმიანი შეხვედრებისთვის ოთახების დიდი არჩევანია. რელაქსისთვის კი შეგიძლია სასტუმროს ფიტნესცენტრს მიაკითხო, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს. 

თბილისი, რუსთაველის გამზ. #13

ტელ.: 277 92 00

ელფოსტა: [email protected]

ვებგვერდი: www.tbilisimarriott.com

სასტუმრო მოქსი თბილისი

თანამედროვე მოგზაურს ხშირად სურს, ისეთ სასტუმროში იცხოვროს, რომელსაც „საკუთარი სახე“ აქვს, სხვებს არ ჰგავს და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მოლოდინს გაუმართლებს. 

ასეთი, ბინის ტიპის, მყუდრო სივრცეს გთავაზობს Marriott-ის ბუტიკური სასტუმრო Moxy Tbilisi by Marriott, რომელიც ისტორიული ჩუღურეთის ტერიტორიაზე, ძველი თბილისის უბანში მდებარეობს. 

ნათელ ოთახებში ყველა პირობაა შექმნილი, რათა თავი ისე იგრძნო, როგორც საკუთარ სახლში - ფართო საწოლები, დიდი ტელევიზორი, მაცივარი, მინიბარი და ა.შ. სამუშაო გარემოსთვის ცალკეა განსხვავებული, თანამედროვე დიზაინით მოწყობილი ოთახები. 

ეზოში კაფე და რესტორანი მდებარეობს, სადაც უგემრიელესი და მრავალფეროვანი ქართული კერძები მზადდება.

გამოხვალ თუ არა სასტუმროდან, თბილისის კოლორიტულ „მშრალ ხიდზე“ აღმოჩნდები, შემდეგ ხიდს გადაივლი, გოგლა ლეონიძისა და 9 აპრილის პარკებს აუყვები და უკვე რუსთაველის გამზირზე ხარ. 

თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი 

ტელ.: 277 92 77

ელფოსტა: [email protected]

ვებგვერდი: www.marriott.com/hotels/travel/tbsox-moxy-tbilisi

რადისონ ბლუ ივერია

XX საუკუნის 60-იან წლებში ეს შენობა საგანგებოდ სასტუმროსთვის აშენდა და მას „ივერია“ ეწოდა. სასტუმრო „ივერია“ 289 ნომერს მოიცავდა, 540 ადგილით. ის სრულიად ახალი ტიპის შენობა იყო თბილისის არქიტექტურისთვის.  

დღეს აქ უკვე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა - Radisson Blu Iveria. სასტუმრო გამორჩეულ ადგილზე - ვარდების მოედანზე მდებარეობს.

18-სართულიან შენობაში, საიდანაც თბილისის პანორამული ხედები იშლება, 248 ოთახია, მათგან 12 უმაღლესი კლასის აპარტამენტია. 

ულამაზეს, თანამედროვე ინტერიერში შეგიძლია ესტუმრო რესტორან „ფილინის“ და მიირთვა იტალიური კერძები, Umami-ში აზიური შერეული სამზარეულოს კერძები დააგემოვნო  ან ღია ცის ქვეშ „ივერიის ტერასაზე“ ისადილო - თუ თბილისს ზაფხულში ესტუმრები. 

სასტუმროში ფუნქციონირებს Anne Semonin Spa, ღია აუზი, კაზინო „ივერია“. 

თუ თბილისში საქმიანი ვიზიტით იმყოფები, სასტუმროს აქვს სრულად აღჭურვილი ბიზნესცენტრი, შეხვედრების 9 ოთახი და მრავალადგილიანი დარბაზი.

თბილისი, ვარდების მოედ. #1

ტელ.: 240 22 00,   240 22 22

ელფოსტა: [email protected]

ვებგვერდი: www.radissonblu.com/hotel-tbilisi

ქორთიარდ მარიოტი თბილისი

სასტუმრო Courtyard by Marriott Tbilisi თბილისის ცენტრში - თავისუფლების მოედანზე მდებარეობს. 

თეთრი, ულამაზესი არქიტექტურის შენობა მაშინვე მიიქცევს შენს ყურადღებას. 

სასტუმროში 118 ოთახია, 116 სტანდარტული და 2 ლუქსი. ოთახები უზრუნველყოფილია მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, კლიმატის კონტროლით, აქვს სატელიტური ტელევიზია, კონდიციონერი, მაცივარი, მინიბარი და სხვა. 

სასტუმროს აქვს ფიტნესცენტრი, საუნა და დახურული აუზი. 

პირველ სართულზე მუშაობს ბარ-რესტორანი Brasserie Freedom-ს, სადაც უგემრიელესი კერძებისა და უმაღლესი ხარისხის ღვინის მრავალფეროვანი არჩევანია.  

„ქორთიარდ თბილისი“ შესანიშნავი ადგილია საქმიანი შეხვედრებისთვის - საკონფერენციო დარბაზში, შეხვედრების ოთახსა და ბიზნესცენტრში ყველა პირობაა იმისთვის, რომ ნებისმიერი ფორმატის სამუშაო შეხვედრა გამართო.  

სასტუმროდან გამოხვალ თუ არა, მარჯვნივ ძველი თბილისია, მარცხნივ კი რუსთაველის გამზირი იწყება.

თბილისი, თავისუფლების მოედანი N4

ტელ.: 277 91 00

ელფოსტა: [email protected]

ვებგვერდი: www.courtyardtbilisi.com

მონოგრაფი

მონოგრაფი კიდევ ერთი სასტუმროა თავისუფლების მოედანზე. სასტუმროს კომფორტული ოთახებიდან ერთ მხარეს ცენტრალური მოედანი მოჩანს, მეორე მხარეს კი ძველი თბილისის ხედი  იშლება.

სასტუმროს ღია და დახურული ბარები და რესტორნები სამ განსხვავებულ სასადილო კონცეფციაზეა მორგებული:

„მონოგრაფის“ ლაუნჯი - კოქტეილების სივრცეა ღია აივნით, რომელიც თავისუფლების მოედანს გადაჰყურებს.

რესტორანი „სომინი“ - ეს არის ქართული fine dining restaurant შიდა და გარე სივრცეებით.

„მონოგრაფის“ ტერასა - რესტორანი და ბარია სახურავზე,  სადაც უგემრიელესი სამზარეულო და მშვიდი ატმოსფეროა.

მონოგრაფის მდებარეობა საშუალებას მოგცემს, ფეხით გაისეირნო ძველ თბილისში.  

მის.: თბილისი, პუშკინის ქ. #5/7

ტელ.: 224 33 44

ელფოსტა: [email protected]

ვებგვერდი: www.monographtbilisi.com/

ამბასადორი

Ambassadori Tbilisi თბილისის ისტორიულ უბანში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ანჩისხატის ეკლესიასა და თბილისის მარიონეტების თეატრს შორის მდებარეობს.

სასტუმროში 121 ნომერია. Ambassadori Tbilisi, ელეგანტური იტალიური შტრიხებითა და ლამაზი ხედებით, შესანიშნავია როგორც საქმიანი ვიზიტების ან განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, ისე უბრალოდ დასვენებისთვის.

ამბასადორის პირველ სართულზეა რესტორანი Qartuli/ქართული, სადაც ტრადიციულ ქართულ კერძებს შემოგთავაზებენ, ხოლო რესტორან A.T. Kitchen-ში მსოფლიო კულინარიას დააგემოვნებ.

სასტუმროში არის დახურული საცურაო აუზი, საუნა და სპორტული დარბაზი.  

მის.: თბილისი. შავთელის ქ. #17

ტელ.:032 211 21 21   598 38 38 38

ელფოსტა: [email protected]

ვებგვერდი http://www.ambassadori.casino

ბრიმ თბილისი

Brim Tbilisi მზის ენერგიაზე მომუშავე პირველ სასტუმროა  თბილისში, რომელიც დედაქალაქის უძველეს უბანში, ავლაბარში მდებარეობს.

აქ დაგხვდება მრავალფეროვანი ინტერიერი, კომფორტული გარემო და განსხვავებული ევროპულ-ქართული სამზარეულო. 

ბრიმის თითოეული ოთახის კედლები ხელით არის მოხატული, რაც განსხვავებულ, მყუდრო და რომანტიკულ გარემოს ქმნის.

თბილისი, აბდუშელიშვილის ქ. #12-14

ტელ.: 212 00 12

ელფოსტა: [email protected]

ვებგვერდი: https://www.brimtbilisi.com

ჰილტონ გარდენ ინნი

სასტუმრო Hilton Garden Inn საქმიანი ტურიზმის კონცეფციაზეა მორგებული და თბილისის ელიტურ უბანში მდებარეობს, რომელიც დღეს ქალაქის მთავარი ეკონომიკური არტერიაა. 

სასტუმროს შენობა 14-სართულიანია, სადაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტზე მორგებული 160 ნომერია განთავსებული.

სასტუმროს აქვს რამდენიმე საკონფერენციო დარბაზი, საერთო სივრცეები და თანამედროვე ქართულ-ევროპული რესტორანი, რომელიც იდეალურია საქმიანი შეხვედრებისა თუ საღამოს მშვიდ გარემოში გასატარებლად.

სასტუმროში კომფორტული ცხოვრებისთვის ყველა პირობაა შექმნილი, მათ შორის  24-საათიანი დაცვა, შშმ პირებზე ადაპტირებული გარემო, 280-ადგილიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი.

თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #64ა

ტელ.: 225 20 20

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი

კიდევ ერთი გრანდ კატეგორიის სასტუმრო თბილისის ისტორიულ უბანში ავლაბარში მდებარეობს. 

„შერატონ მეტეხი“ 1991 წელს აშენდა და პირველი საერთაშორისო სასტუმრო იყო არა მხოლოდ თბილისში, არამედ ამიერკავკასიაში. 

დღეს სტუმრებს განახლებული „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ მასპინძლობს. 

სასტუმროში 220 კეთილმოწყობილი ოთახია. ამ ოთახებამდე კი შერატონის ლეგენდარული პანორამული ლიფტები მიგიყვანს. 

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი“ საუკეთესო ადგილია საქმიანი შეხვედრებისთვის - აქ შენს განკარგულებაშია 12 ოთახი მოლაპარაკებებისთვის და 1000 კვ.მ ფართობის დარბაზი საერთაშორისო კონფერენციებისთვის, გამოფენებისა თუ წვეულებებისთვის. 

სასტუმროში რამდენიმე ბარი და რესტორანი მუშაობს. სასტუმროში ფუნქციონირებს ფიტნესდარბაზები და სპა ცენტრი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ სერვისებისა, რომლებსაც შერატონი  შემოგთავაზებს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს შერატონის ქართული შტრიხები – კავკასიონით შთაგონებული ინტერიერის დიზაინი და საკონფერენციო დარბაზების სახელწოდებებიც კი: კავკასიონი, გერგეტი, გომბორი, მტირალა, უშბა და სხვა.

თბილისი, თელავის ქ. #20

ტელ.: 277 20 20

ელფოსტა: [email protected]

ვებგვერდი: www.sheraton.com/tbilisi

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა