KA
Vazha-Pshavela Theater

ვაჟა ფშაველას სახელობის თელავის თეატრი

კახეთში, ქალაქ თელავის ცენტრში მდებარე ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრზე საუბარი ვიტრაჟული შენობიდან უნდა დავიწყოთ. ამ თანამედროვე ნაგებობის ჰოლში შესვლისთანავე ყურადღებას იქცევს ქართველი პოეტის ვაჟა-ფშაველას ბიუსტი და ცენტრში მდგარი ისტორიული ძეგლი - ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის დროინდელი 2-სართულიანი სადროშო ეკლესია-კოშკი. ამ ძეგლის აქ არსებობა იმაზე მიანიშნებს, რომ ქართლ-კახეთის სამეფოში სანახაობრივი კულტურის განვითარება XVIII საუკუნის II ნახევარში იწყება და ის მეფე ერეკლე II-ს უკავშირდება.
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
თელავი

ვაჟა-ფშაველას თეატრის ისტორია

ისტორიული წყაროებით, ერეკლე II-მ მხარი დაუჭირა ქართველი ახალგაზრდების იდეას, თელავში თეატრი დაეარსებინათ და, მართლაც, 1782 წელს სამეფო ქალაქში თელავის „სასკოლო თეატრი“ ჩამოყალიბდა.

თელავში ამ დროიდან იდგმება პირველი პროფესიონალური წარმოდგენები. 1795 წელს კი კახეთს აღა-მაჰმად-ხანი შემოესია. „სასკოლო თეატრის“ მსახიობები, მეფის ბრძანებით, ბრძოლის ველზე წავიდნენ. თეატრალურ დასს ბრძოლაში ცნობილი მსახიობი, გვარად მაჩაბელი, მეთაურობდა. მის შესახებ ნებისმიერმა ქართველმა იცის ლადო ასათიანის ლექსიდან: „ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი!“ თეატრალური დასი, სრული შემადგენლობით, ერთ დღეს დაღუპულა კრწანისის ბრძოლაში.

თეატრალური წარმოდგენები თელავში ამ ისტორიიდან 55 წლის შემდეგ განახლდა და მას შემდეგ უამრავი წარმატებული სპექტაკლით, ნიჭიერი რეჟისორებითა და გამორჩეული მსახიობებით ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა