სამუზეუმო კომპლექსში შედის: მეფეთა სასახლე (XVII-XVIII სს) - ეს ჩვენს დრომდე სრულყოფილი სახით მოღწეული ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში; მეფე არჩილ მეორის კოშკი, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება ქალაქზე; ერეკლე II-ის მიერ აშენებული ეკლესია, რომელიც საყვარელ ვაჟს ლევანს უძღვნა; კარის ეკლესია (IX-X სს), მეფის აბანო, მიწისქვეშა გვირაბი და გალავანი. აგრეთვე, ქეთევან იაშვილის სამხატვრო გალერეა (XIX ს).
მუზეუმში 67 ათასზე მეტი ექსპონატია დაცული, მათ შორისაა ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური მასალები, ნუმიზმატიკური კოლექციები, ფერწერის შედევრები - ელ. ახვლედიანი, ლ. გუდიაშვილი, ი. აივაზოვსკი, ა. კრამსკოი და სხვა.
თუმცა მუზეუმის სიმდიდრე სამეფო ოჯახის ნივთებია - მეფის სასახლეში, რომელიც თავისი სისადავით გაგაკვირვებს, გამოფენილია მეფე ერეკლეს ვერცხლის ხანჯალი, საბრძოლო იარაღი, სამოსელი, ხალიჩები და მეფე ერეკლეს სტამბაში დაბეჭდილი წიგნები.