ივრის აღკვეთილი აღმოსავლეთ საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ სიღნაღიდან 30 კმ-ში მდებარეობს. აღკვეთილი მდინარე ივრის დაბლობის დაახლოებით 2000 ჰექტარს მოიცავს და მდინარის გასწვრივ არსებული ჭალის ტყეების დასაცავადაა შექმნილი.
ივრის ჭალა მრავალი სახეობის მცენარის, ფრინველისა და ცხოველისთვის გამრავლების ადგილი და ძირითადი საცხოვრებელია.
აღკვეთილში გავრცელებული მცენარეებია: ქართული ზამბახი, ეიხლერის ტიტა, კოწახური, საკმლის ხე, ღვია, ჭალის მუხა, ჯაგრცხილა, ძეძვი, იალღუნი - ეს უკანასკნელი ბიბლიური მცენარეა, რომელსაც ანტიკურ ხანაში ძველი ებრაელები თაყვანს სცემდნენ, როგორც წმინდა ხეს.
ამ ადგილებში ფერდობებზე ბევრია კაკაბი, რომლის ხმაც აღკვეთილში გამუდმებით ისმის, ხოხობი და ასევე ულამაზესი დურაჯი, რომელიც ივრის ხეობის ენდემური სახეობაა.
ძუძუმწოვრებიდან ძირითადად ბინადრობენ მგელი, წავი, ლელიანის კატა და გარეული ღორი.
ადმინისტრაციასთან შეთანხმებით აღკვეთილთან კემპინგის მოწყობაც შეიძლება.