KA
Ilia Chavchavadze State Museum in Kvareli

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი ყვარელში

აქ დაიბადა „საქართველოს უგვირგვინო მეფე“ ილია ჭავჭავაძე და ყველაზე უკეთ სწორედ აქ მოგიყვებიან, ვინ იყო ილია და რატომ უწოდა ხალხმა მას ეს სახელი.
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
ყვარელი

რას ნახავ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში?          

მუზეუმის ეზოში შესვლისას 500 წლის კაკლის ხეს დაინახავ. ამ ხის ჩრდილში უყვარდა ილიას, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი წარჩინებული გვარის წარმომადგენელს, გლეხებთან საუბარი. მათგან იწერდა ძველ თქმულებებს.

აღდგენილია XVII საუკუნის სამსართულიანი კოშკი, რომელიც მტრის შემოსევისას ქალებსა და ბავშვებს იფარებდა. ამ კოშკის მეორე სართულზე სწორედ მტრის მორიგი შემოსევისას, 1837 წლის 8 ნოემბერს, გამთენიისას დაიბადა ილია ჭავჭავაძე.  

ჩუქურთმებიანი აივანი ამშვენებს იქვე პატარა სამოთახიან სახლს, სადაც გაიზარდა დიდი ილია. 

სახლზე მიშენებულია საგვარეულო მარანი - აქ საუკუნეების განმავლობაში 37 ქვევრში იწურებოდა ღვინო და დღესაც, ყოველი წლის 8 ნოემბერს, „ილიაობის“ დღესასწაულზე რქაწითელსა და საფერავს წურავენ. ამ დიდებულ პროცესს შეგიძლია შენც დაესწრო.

მუზეუმის ტერიტორიაზე ნახავ დღემდე მოქმედ წყლის წისქვილსაც, რომელსაც მდინარე დურუჯი ამუშავებს.

საგამოფენო დარბაზის ექსპოზიცია კი ისეთივე მდიდარი და საინტერესოა, როგორიც მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, რედაქტორისა და გამომცემლის, ბანკირისა და  პოლიტიკოსის ილია ჭავჭავაძის ცხოვრება იყო. 

მუზეუმი ყვარლის ცენტრში, შოთა რუსთაველის ქუჩის 2 ნომერში მდებარეობს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა