KA

კაიაკინგი მაჭახელაზე

მდინარე მაჭახელაზე კაიაკინგის მარშრუტი ორი სექციისგან შედგება.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ხელვაჩაური

მდინარის სირთულე

მაჭახელას სექციის სირთულის კატეგორიაა 3-4.

ადგილმდებარეობა

მაჭახელას ხეობა, სადაც მარშრუტი გადის, მდებარეობს აჭარაში. ხეობა ორადაა გაყოფილი, ზემო მაჭახელა თურქეთის საზღვრებს მიღმა მდებარეობს, ხოლო ქვემო მაჭახელა საქართველოს ტერიტორიაზეა. ხეობა მდიდარია ისტორიული წარსულით, კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების ძეგლებით. მარშრუტი გაივლის მაჭახელას ეროვნულ პარკს. 

მდინარე  

მდინარე მაჭახელა სათავეს იღებს თურქეთში, შავშეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზემო მაჭახელას ხეობაში. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. მდინარის მთავარი შენაკადებია მინდიათის წყალი და ეფრატის ღელე. სოფელ მაჭახლისპირთან მარჯვენა მხრიდან უერთდება მდინარე ჭოროხს. 

მარშრუტი

პირველი სექცია იწყება სოფელ ზედა ჩხუტუნეთში, ზღვის დონიდან 300 მ-ზე და სრულდება ქვედა ჩხუტუნეთში, ზღვის დონიდან 217 მ-ზე.
პირველი სექციის სიგრძეა  3,5 კმ, ვერტიკალური დაშვების სიმაღლე - 83 მ, სირთულის კატეგორია - 4 (გრძელი და რთული რეპიდები, ციცაბო ვარდნები, დიდი ქვები);

მეორე სექცია იწყება ქვედა ჩხუტუნეთში, ზღვის დონიდან 217 მ-ზე და სრულდება სოფელ აჭარის აღმართში, ზღვის დონიდან 132 მ-ზე.
მეორე სექციის სიგრძეა 5 კმ, ვერტიკალური დაშვების სიმაღლე - 85 მ, სირთულის კატეგორია 3-3+ (მაღალი და არარეგულარული ტალღები, კლდეები და მორევები, გამჭვირვალე, მაგრამ ვიწრო გასასვლელები). 

მარშრუტის სეზონურობა

მდინარე მაჭახელას პირველ სექციაზე კაიაკინგის თვეებია აპრილი, მაისი და ოქტომბერი;

მეორე სექციაზე - მარტ-ივნისი, ოქტომბერი.

როგორ მივიდეთ სასტარტო ადგილას

მაჭახელას ხეობა აჭარის ქალაქ ბათუმიდან 28 კმ-ითაა დაშორებული. სოფელ ზედა ჩხუტუნეთში  სასტარტო ადგილას მისვლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილით.

უსაფრთხოება 

კაიაკით დასაშვებად აუცილებელია გამოცდილება. 

რეკომენდებულია, მდინარე ადგილობრივ კაიაკერთან ერთად გაიარო ან მისგან მიიღო საჭირო ინფორმაცია. ტურის დასაჯავშნად წინასწარ დაუკავშირდი კომპანიას. 

კაიაკინგში  მონაწილეობისთვის მინიმალური ასაკია 18 წელი. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა