ჯავახეთი საქართველოს არცერთ კუთხეს არ ჰგავს. გარდა იმისა, რომ ის საქართველოს ყველაზე ცივი დასახლებული ადგილია, ერთ ტერიტორიაზე ამდენ დიდი თუ პატარა ზომის ტბას სხვაგან ვერსად იპოვი. ჯავახეთის ტბები ცნობილია თავისი ფრინველებით. ამ ტერიტორიაზე ფრინველთა 140 სახეობაზე მეტია აღრიცხული.
ზამთრობით ტბა ხანგრძლივი დროით იყინება და თოვლით გადათეთრებული ტერიტორია არანაკლებ შთამბეჭდავია.
კარწახი ტრანსსასაზღვრო ტბაა - ის საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საზღვარზე მდებარეობს.
სასაზღვრო, ხელუხლებელი ფერდობების სუბალპური ტყეებისა და ხელოვნურად გაშენებული ფიჭვნარის (Pinus kochiana) გარდა, რეგიონში ხეები არ გვხვდება.
კარწახის აღკვეთილში ფრინველთა 60-მდე სახეობაა გავრცელებული. ეს ადგილი განსაკუთრებით ცნობილია ხუჭუჭა ვარხვებით (Pelecanus crispus) - გაზაფხულსა და ზაფხულში აქ ვარხვების მთელი კოლონიების ნახვაა შესაძლებელი და მათზე დაკვირვებას სპეციალური სათვალთვალო კოშკურებიდან შეძლებ.