KA
Konstantine Gamsakhurdia House Museum - A Landmark of Samegrelo

კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი

სამეგრელოს ერთ ულამაზეს, მწვანეში ჩამალულ სოფელში, რომელსაც ძველი აბაშა ჰქვია, მსოფლიო მნიშვნელობის კლასიკოსი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია დაიბადა. სწორედ ამ პატარა ხის სახლიდან დაიწყო კონსტანტინე გამსახურდიას (1893-1975 წწ.) საინტერესო ცხოვრების გზა. აქედან ევროპამდე ჩავიდა - სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს ბერლინის უნივერსიტეტში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხიც მოიპოვა.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
აბაშა

რას ნახავ კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმში?

კონსტანტინე გამსახურდია აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში და ეროვნული მოღვაწეობისათვის საბჭოთა რეჟიმის დროს მრავალგზის იყო რეპრესირებული.

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი (1973-90წწ) და საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახლდათ კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟი ზვიად გამსახურდია (1991-1992 წწ). 

კონსტანტინე გამსახურდიას, გარდა მნიშვნელოვანი პროზაული და პუბლიცისტური შემოქმედებისა, უდიდესი წვლილი აქვს მთარგმნელობითი ხელოვნების განვითარებაში. კონსტანტინე გამსახურდიამ თარგმნა ქართულად გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“, დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედია“, უოლტ უიტმენის პოეზია და სხვა.

მწერლის მშობლიურ სახლში სახლ-მუზეუმი 1987 წელს გაიხსნა. ეზოში შენარჩუნებულია მეგრული ყოფისთვის დამახასიათებელი გარემო. აქ ინახება მწერლისეული ნივთები, ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოსურათები, ასევე სხვადასხვა ენაზე გამოცემული ნაწარმოებები. 

დღეს სახლ-მუზეუმის ირგვლივ დასასვენებელი სივრცეა მოწყობილი; ამ სიმწვანეში ინტერნეტიც არის და შეგიძლია, პირდაპირ დიდი კლასიკოსის სახლის ეზოდან იმუშაო.

ყოველწლიურად, 15 მაისს, მწერალ-აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეზე სახალხო დღესასწაული „კონსტანტინეობა“ იმართება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა