ტბა სამკუთხა ფორმისაა, რომლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში პატარა კლდოვანი კუნძულია.
ამ კუნძულზე ულამაზესი სანახავია ყანჩების თავყრილობა, რომლებსაც სანაპიროზე საგანგებოდ აშენებული მეჩიტეების ქოხიდან დააკვირდები. აქ ბინადრობენ: გადაშენების პირას მყოფი ველის პრანწია (Vanellus gregarius), ვარდისფერი ვარხვი (Pelecanus onocrotalus) და წითელი იხვი (Tadorna ferruginea), რომელიც ამ ტერიტორიაზე მრავლდება.
ტბაში თევზსაც შეხვდები - კალმახს (Salmo trutta fario), ფრიტას (Alburnoides), ქაშაპსა (Leuciscus cephalus) და ხრამულს (Varicorhinus capoeta). გაითვალისწინე, რომ აქ სპორტულ-სამოყვარულო თევზაობა დაშვებულია.
წყლის დიდი ნაწილი მცენარეებითაა დაფარული და აქ 19 სახეობის ენდემური მცენარე ხარობს.
ბუღდაშენის ტბა საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაშია და მას რამსარის კონვენცია იცავს.
მარშრუტის დასასრულს კი ისევ სოფელ გორელოვკაში ბრუნდები, ე.წ. სოფელ-მუზეუმში, სადაც ფერად, მაქმანებიან სახლებში დუხობორები გიმასპინძლებენ. მათი წინაპრები, განსხვავებული რელიგიური შეხედულებების გამო, რუსეთიდან XIX საუკუნეში გადმოასახლეს.