KA

ლელთის ტბები

ბათუმიდან 58 კილომეტრში, შუახევში, ჭვანის ხეობაში, სოფელ ნაღვარევთან აჭარის ერთ-ერთი გამორჩეული საპიკნიკე სივრცე - ლელთის ტბა მდებარეობს.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
შუახევი

ეს არის ადგილი, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს მშვენიერია. შერეულფოთლოვანი ტყით დაფარული მაღლობებითა და მთებით გარშემორტყმული გაზაფხულსა და ზაფხულში ფეხქვეშ გვირილებით დაფარულ მინდვრებს გაგიშლის. ამ ფაქიზი სილამაზის თვალიერება ცალკე სიამოვნებაა, განსაკუთრებით დათოვლილი მთების ფონზე. 

სულ სხვა ემოციებს გაგიღვიძებს ლელთის ტბა შემოდგომაზე თავისი ქვიშისფერი პალიტრით. შეიძლება ამ დროს უფრო ადვილად მოჰკრა თვალი კავკასიურ ტრიტონსაც, რომელიც ტბაში ბინადრობს. ლელთის ტბაზე ტივითაც გაისეირნებ, ფოტოების გადასაღები ადგილების შერჩევა კი აქ არც წყალზე და არც მიწაზე არ გაგიჭირდება.  

ლელთის ტბის ახლოს აჭარაში ერთადერთი გადახურული ხიდი მდებარეობს, რომელსაც ხაბელაშვილების ხიდს უწოდებენ. ეს ხის ხიდი 3 საუკუნეს ითვლის და ახლაც მწყობრშია. გაიარე ხიდი და გაჰყევი გზას წისქვილების სოფლამდე, სადაც დღემდე მუშაობს რამდენიმე წყლის წისქვილი. მათი ნახვა ნამდვილად ღირს, რადგან ეს ყველაფერი გამორჩეული შთაბეჭდილებებით აგავსებს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა