KA
Madatapa Lake

მადათაფის ტბა

მადათაფის ლურჯად მოელვარე ტბას სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში იპოვი და ეს ტბა არა მხოლოდ ულამაზესია, არამედ მისი მაგიური გარემო საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაშიც არის შეტანილი. ტბა აფრიკა-ევრაზიის სამიგრაციო გზაზეა და აქ წლის თბილ პერიოდში გადამფრენი და მობუდარი ფრინველების სიმრავლე აღინიშნება.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ნინოწმინდა

მადათაფის ტბა მნიშვნელოვანი ადგილია 200-ზე მეტი ფრინველისთვის, მათ შორის - გადაშენების საფრთხის წინაშე მდგარი სახეობებისთვის. ასეთებია: გარიელი, ველის პრანწია, ქოჩორა ვარხვი, წითელთავა ყვინთია და რუხი წერო.

ტბა პოპულარული ადგილია ფრინველებზე დამკვირვებლებსა და ფოტოგრაფებში. 

მადათაფის მოელვარე ტბას განსაკუთრებით ხშირად სტუმრობენ კემპინგის მოყვარული ტურისტები. ტბის გარშემო წლის ნებისმიერ დროს შეხვდები ვიზიტორებს კარვებით. 

ტბისკენ მიმავალ გზაზე აუცილებლად დაათვალიერე სოფელი გორელოვკა, სადაც დუხობორები ცხოვრობენ - ეს არის რუსი ხალხის ეთნოკონფესიური ჯგუფი - შედი მათ ეთნოგრაფიულ მუზეუმში და სოფლის გზაზე, განათების ბოძებზე ლაკლაკების ბუდეებსაც კი იპოვი. 

არ გაგიკვირდეს, თუ ამ მხარეში შენი ვიზიტი სათავგადასავლო წიგნის მომხიბვლელ მარშრუტს დაემსგავსება, რადგან სამცხე-ჯავახეთში მკაცრი კლიმატია და მადათაფის ტბა, ამ მხარის სხვა ტბების მსგავსად, ნოემბრიდან აპრილამდე სრულად იყინება, რაც საკმაოდ ბევრ ტურისტს იზიდავს - თოვლიან ჯავახეთს აქაურები ქართულ ანტარქტიდასაც კი უწოდებენ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა