KA
Martvili Monastery

მარტვილის მონასტერი

ქალაქ მარტვილში აუცილებლად თვალში მოგხვდება მთის თხემზე აგებული დიდი სამონასტრო კომპლექსი - ქართული ხუროთმოძღვრების მშვენება. ამ ადგილამდე ქალაქის ცენტრიდან სამანქანო გზაც ადის და საბაგიროც, რომელიც სამ წუთში აგიყვანს. მონასტერი VII საუკუნეშია აშენებული და დღევანდელი სახე საუკუნეების განმავლობაში მომხდარი ცვლილებების შედეგია.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მარტვილი

კომპლექსის მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. 

მონასტრის ეზოდან თითქმის მთელი სამეგრელო მოჩანს. ეზოში დღესაც დგას დიდი  მუხის ხე, მაგრამ, გადმოცემის მიხედვით, ქრისტიანობამდე მონასტრის ადგილზე უფრო ცნობილი მუხის ხე მდგარა, რომლის ძირშიც წარმართულ რიტუალებს ასრულებდნენ -  ოჯახის, ნაყოფიერებისა და კეთილდღეობის ქალღმერთს მსხვერპლს სწირავდნენ. ის სარიტუალო მუხა დასავლეთ საქართველოს გაქრისტიანებისას იესო ქრისტეს მოწაფის ანდრია პირველწოდებულის მითითებით მოუჭრიათ. 

მარტვილის მონასტერს მარტვილ-ჭყონდიდის მონასტერსაც უწოდებენ, ჭყონდიდი კი მეგრულად დიდ მუხას ნიშნავს. 

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში მცენარეების, განსაკუთრებით ხეთა თაყვანისცემა იყო გავრცელებული - მუხას კი, იგივე  „ჭყონს“, ყველაზე მეტი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.

X საუკუნიდან აქაურობა ძლიერი საგანმანათლებლო კერა იყო. აქ მოღვაწე ბერები თარგმნიდნენ წიგნებს, ქმნიდნენ ნაწარმოებებსა და შრომებს. აქ მოღვაწეობდა  გიორგი ჭყონდიდელი - ქართველთა გამორჩეული მეფის, დავით აღმაშენებლის აღმზრდელი, მრჩეველი და ერთ-ერთი გამოკვეთილი ფიგურა საქართველოს ისტორიაში. 

მონასტერი საბჭოთა ეპოქაში უმოქმედო იყო. აქ ბერ-მონაზონთა ცხოვრება მხოლოდ 1998 წელს განახლდა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა საპატრიარქო რეზიდენცია, დაარსდა წმინდა ანდრია პირველწოდებულის მამათა მონასტერი, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი. 

როცა მარტვილის სამონასტრო კომპლექსში ახვალ, შეგიძლია მონასტრის მცირე მეურნეობაც ნახო და მონაზვნების მიერ დამზადებული ნაქარგები, სანთლები და სხვადასხვა სუვენირიც შეიძინო.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა