საუკუნეების განმავლობაში მისი რეცეპტი საიდუმლოდ ინახებოდა, რადგან მაწონი დღეგრძელობის ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნეოდა. ეს უნიკალური რძემჟავა პროდუქტი მდიდარია A, B2, PP ვიტამინებით, მინერალებითა და ბაქტერიებით. მაწონს იყენებენ ალცჰაიმერის, პარკინსონისა და გულის დაავადებების პრევენციისთვის.
მაწონი საოცრად გრილი და გემრიელი პროდუქტია. ცხელ ამინდებში ცივი მაწვნის მიღება ორგანიზმის ტემპერატურას აბალანსებს და ხასიათსაც აუმჯობესებს. გარდა ამისა, ტრადიციულად, მზისგან გახურებულ კანს საქართველოში მაწვნის დადებითაც იამებენ.
მაწონი ძროხის ან კამეჩის რძისგან მზადდება. კამეჩის მაწონი სქელია, იმდენად, რომ იჭრება კიდეც. მაწვნის მისაღებად აუცილებელია „დედო“, რომელიც ადრე დამზადებული მაწვნის ნარჩენია. მას ქილებში გადანაწილებულ, ახალმოწველილ, ანადუღარ თბილ რძეს ამატებენ. შემდეგ ქილებს კარგად ფუთავენ და დაახლოებით 3-4 საათი აყოვნებენ. ამის შემდეგ მაწონს ცივ ადგილას ინახავენ.
მაწონი მრავალი კერძის შემადგენელი ნაწილია, მისგან მზადდება საწებლები, წვნიანები. მას ჩაროზადაც მიირთმევენ. საუკეთესო გამაგრილებელი სასმელია წყალგარეული მაწონი, სამკურნალოდ კი თაფლიან მაწონს სვამენ.