მთისა და ეკლესიის სახელი დაკავშირებულია ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, წმინდა მამა დავით გარეჯელის მოღვაწეობასთან. საქართველოში ხშირად ქრისტიანულ ტაძრებსა და მათ მიდამოებს საბერძნეთისა და პალესტინის „წმინდა ადგილების“ სახელწოდებებს ანიჭებდნენ. ქალაქ თბილისის მთამაც მთაწმინდის სახელი ათონის „წმინდა მთის“ პატივსაცემად მიიღო დაახლოებით IX საუკუნეში.
ამ ადგილას პანთეონის დაარსების იდეა 1915 წელს გაჩნდა, ოფიციალურად კი 1929 წელს გაიხსნა - რუსი პოეტის ალექსანდრე გრიბოედოვის გარდაცვალების მე-100 წლისთავზე, რომელიც იმ ტერიტორიაზე თავისივე ანდერძის თანახმად იყო დაკრძალული.
მთაწმინდის პანთეონში განისვენებენ ის ადამიანები, ვინც XIX-XX საუკუნეებში ღრმა კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიაში და დიდი დამსახურება აქვთ ქვეყნის წინაშე - საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვანები და მეცნიერები.
პანთეონში 53 საფლავია. ძეგლებისა და ბიუსტების ავტორები არიან ცნობილი ქართველი მოქანდაკეები - იაკობ ნიკოლაძე, ელგუჯა ამაშუკელი, მერაბ ბერძენიშვილი და სხვა.
მთაწმინდის პანთეონის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია ქართველი მწერლისა და საქართველოს „უგვირგვინო მეფის“ ილია ჭავჭავაძის საფლავზე ქალის ალეგორიული ფიგურა - „მწუხარე საქართველო“. მისი ავტორია ქართული ქანდაკების ფუძემდებელი, ოგიუსტ როდენის მოწაფე იაკობ ნიკოლაძე. ნიკოლაძემ 1907 წელს პარიზში გაიგო ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ამბავი და „მწუხარე საქართველოც“ პარიზში 1909 წელს შეასრულა.