ძველი თბილისის აივნიანი სახლები, გასაოცარი ჯვრის მონასტერი, სვანური კოშკები, ნიკორწმინდა, ახალციხის ციხე, ვარძია, ალავერდი - აქ 2 ჰექტარ ტერიტორიაზე მინიატიურულ განზომილებაშია წარმოდგენილი საქართველოს სხვადასხვა კუთხის 60-მდე ისტორიული ძეგლი და ღირსშესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობა. თითოეული მინიატიურის ირგვლივ სწორედ ისეთი გარემო და ლანდშაფტია შექმნილი, როგორშიც კონკრეტული ძეგლი რეალურად მდებარეობს.
მათი ნახვის შემდეგ შეიძლება, შავი ზღვის სანაპიროდან სამოგზაუროდ ახალი მიმართულებები დაგეგმო და ამ მინიატიურულ ღირსშესანიშნაობებს უკვე ნამდვილ მისამართებზე ესტუმრო. პარკის ერთ-ერთი დანიშნულებაც სწორედ ეს არის - საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და ქვეყნის უძველეს ხუროთმოძღვრებაზე წარმოდგენა შეგიქმნას.
კიდევ ერთი ესთეტიკური სანახაობაა პარკის შესასვლელი - რადიკალური ფერებით და საინტერესო არქიტექტურით. ერთ მხარეს შავად შეღებილი ბამბუკის ღობეა, მეორე მხარეს – ორიგინალური დიზაინის ბეტონის პავილიონი, აქვეა ყვითელი ამფითეატრი და სახურავის ტერასისკენ მიმავალი ლურჯი კიბეც.
მინიატიურების პარკში დღეს საინტერესოდ გაატარებ, სიმწვანეშიც გაისეირნებ, კაფეშიც დაისვენებ და შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფმა შესაძლებელია საქართველოში მოგზაურობის ახალი მარშრუტიც კი დაგეგმო.