საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი ალპინიზმში, საკავშირო ჩემპიონატებისა და პროფკავშირების საკავშირო პირველობების შვიდგზის გამარჯვებული და მრავალგზის პრიზიორი მეკლდეურობაში - ამ ტიტულების მფლობელი მიხეილ ხერგიანი 1932 წელს მესტიაში, სვანი მთამსვლელის ბესარიონ ხერგიანის ოჯახში დაიბადა.
ხერგიანმა სხვადასხვა დროს კავკასიონის, პამირის, ტიან-შანისა და ალპების ურთულესი მწვერვალები დაიპყრო. „კლდის ვეფხვი“ მას უელსში ერთ-ერთი ასპარეზობისას გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა, ელიზაბეტა II-მ უწოდა და მას ეს სახელი სამუდამოდ შერჩა.
1965 წელს ხერგიანმა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მთამსვლელის ტიტული მოიპოვა და ამავე წელს საბჭოთა კავშირის აბსოლუტური ჩემპიონი და ოქროს მედლების მფლობელი გახდა.
ის მაღალი კლასის მაშველიც იყო და თავგანწირვითაც გამოირჩეოდა. სიკვდილამდე ერთი დღით ადრე, 1969 წლის 3 ივლისს მთამსვლელმა თავის დღიურში ჩაწერა: „რაც მედლები მაქვს, ყველაფერს მირჩევნია ის, რომ ბევრი მთამსვლელისთვის შემინარჩუნებია სიცოცხლე, ყველაზე მეტად მიხარებს გულს ის, რომ ადამიანს სიცოცხლეს შევუნარჩუნებ“.
მიხეილ ხერგიანი 1969 წლის 4 ივლისს, იტალიაში მწვერვალ სუ-ალტოს დალაშქვრისას ქვათაცვენაში მოყვა, თოკი გაუწყდა და 600 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა. 37 წლის მთამსვლელი მშობლიურ დაბა მესტიაში დაკრძალეს.
მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი მესტიაში 1983 წელს გაიხსნა. ამ დიდი ადამიანის შესახებ აქ დაცული ექსპონატები მოგითხრობს - კერია, აკვანი, სანათი, სასადილო მაგიდა, ფოტოები, პირადი ნივთები, ჯილდოები, საჩუქრები, ალპინისტური აღჭურვილობა და სხვა.
თუ კი სვანეთში მოგზაურობას გადაწყვეტ, ეს მუზეუმი აუცილებლად უნდა ნახო.