კოლხურ ტყეებში ჩამოწოლილი ნისლი გასაოცარი ემოციებით დაგმუხტავს - აქ თითქოს მარტო ხარ, თუმცა შენ გარშემო ულამაზესი ბუნება და გასაოცარი პეიზაჟები იშლება. პარკში სალაშქრო, საცხენოსნო, სამეცნიერო და ეკოტურებიც იმართება. ღირსშესანიშნაობებიდან კი ტბა და წაბლნარის ჩანჩქერი გამოირჩევა.
მტირალას ეროვნული პარკი ბათუმიდან 30 კილომეტრში იწყება და მთის სიმაღლე პლაჟიდან 1761 მეტრს აღწევს. იქამდე მისვლას მიკროავტობუსით, ტაქსით ან მანქანით შეძლებ.
პარკი შესანიშნავი ადგილია ლაშქრობისთვის. აქ შეგიძლია აირჩიო 1- ან 2-დღიანი მარშრუტები. ბილიკები მონიშნულია, კეთილმოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილებიც. 2-დღიან ბილიკზე ტურისტული თავშესაფარიც შეგხვდება, სადაც ღამის გათევას შეძლებ. გაითვალისწინე, რომ კოცონი მხოლოდ მითითებულ ადგილებზე შეგიძლია დაანთო.