KA
Muri Fortress

მურის ციხე

„ჰკა მაგას“, „მარჯვედ დახვდი“, „არ გაუშვა“ - ეს სათვალთვალო კოშკების სახელებია. ასე ქართველებმა ლეჩხუმში მდებარე, ქვეყნის არაერთგზის დამცველი, „არავისგან შემუსვრილი“ მურის ციხის კოშკებს უწოდეს.
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ქალაქი
ცაგერი

მურის ციხის ისტორია და სტრუქტურა

სტრატეგიული მდებარეობითა და მნიშვნელობით შუა საუკუნეების ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი, მურის ციხესიმაგრეთა კომპლექსი, საფორტიფიკაციო ნაგებობების იმ ერთიანი ქსელის ნაწილია, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ტომების გამუდმებული თავდასხმების შესაკავებლად შეიქმნა. თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ბუნებრივი ციხესიმაგრე, ლეჩხუმი, მაშინ მთლიანად თავდაცვითმა ნაგებობებმა მოიცვა.   

ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული 1867 წლამდე მური ჯერ სკვიმნიის, შემდეგ თაკვერის და ბოლოს ლეჩხუმის სათავადოს მცველი, კულტურული და პოლიტიკურ-ეკონომიკური ცენტრი გახლდათ. ციხესიმაგრემ ოსმალო დამპყრობელთა არაერთი თავდასხმა მოიგერია და ბრძოლიდან ყოველთვის გამარჯვებული გამოვიდა. 

ციხესიმაგრე სამი ნაწილისგან შედგებოდა: აღმოსავლეთის სათვალთვალო კოშკს „ჰკა მაგას“ ერქვა. ამ კოშკს თავციხისათვის, რომლისთვისაც „მარჯვედ დახვდი“ შეურქმევიათ, მტრის მოახლოება უნდა ეცნობებინა. დამარცხებულ მტერს უკან დახევისას დასავლეთის კოშკი, სახელად „არ გაუშვა“, უსწორდებოდა.

ციხესიმაგრის გარდა, აქ შეგიძლია ციხის დასავლეთ კოშკთან აგებული მონასტერი და VII საუკუნის დიდი ფილოსოფოსისა და ეკლესიის წინამძღვრის, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავიც იხილო.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა