KA

ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრი

გურულებისთვის სიმღერა და ცეკვა ცხოვრების ნაწილია. ამიტომაც ოზურგეთში, გურიის მხარის მთავარ ქალაქში მდებარე ფოლკლორის ცენტრს დიდი კულტურული მნიშვნელობა აქვს, თანაც არამხოლოდ ოზურგეთისთვის.
რეგიონი
გურია
ქალაქი
ოზურგეთი

რას ნახავ ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში?

სწორედ ამ ქალაქში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი, პირველი ქართველი პროფესიონალი მომღერალი (ბანი) ფილიმონ ქორიძე - ის იყო პირველი ქართველი მუსიკოსი, ვინც ქართული საგალობლები ნოტებზე გადაიტანა და შთამომავლობას შეუნარჩუნა. 

გურული ხალხური სიმღერა - კრიმანჭული მსოფლიო ფოლკლორის უნიკალური მოვლენაა, გურია კი - ცნობილი ლოტბარების სამშობლო. ამით გურულები ძალიან ამაყობენ და ფოლკლორის ცენტრში დღესაც, XXI საუკუნეში ასობით ბავშვი სწავლობს ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს. 

კრიმანჭულის წარმოშობის ისტორია სწორედ ბავშვებს უკავშირდება. ხალხური გადმოცემით, ტყეში მარტო წასული ბავშვები თავის გასამხნევებლად და ავსულების დასაფრთხობად უცნაურ ხმებს გამოსცემდნენ - იმის მსგავსს, როგორიცაა მსოფლიოში უნიკალური კრიმანჭული.

ოზურგეთის ფოლკლორულ ცენტრში მუშაობს ხმის ჩამწერი სტუდია, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზები, სალოტბარო სკოლა. ეწყობა მუსიკალური საღამოები, ტრადიციული ხელოვნების ნიმუშების გამოფენები, შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალიც კი.

ცენტრის არქივში ინახება ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების სანოტო ჩანაწერების დედნები, ასევე კონცერტების აუდიო, ვიდეო და ფოტომასალა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა