შენობის პროექტი ონში რაბინ ელია ამშიკაშვილს ჩამოუტანია, რომელიც ვარშავაში სწავლობდა. როცა მისთვის ევროპაში მსახურება შეუთავაზებიათ, უარი უთქვამს: საქართველოში ისეთი მორწმუნე ხალხი მყავს, ვერ მივატოვებო, - თან დაუმატებია, - რწმენა აქვთ, სალოცავი კი – არაო.
გავლენიან ებრაელებს ეს უყურადღებოდ არ დარჩენიათ და საქართველოში სინაგოგის ასაგებად ფულის შეგროვება დაუწყიათ. დამფინანსებლებს შორის იყვნენ ძმები ნობელებიც, რომლებიც ბათუმისა და ბაქოს ნავთობის ბიზნესში მნიშვნელოვან წილს ფლობდნენ.
თეთრი კირქვითა და უბრალო კლდის ქვით ნაშენი, ორნამენტებითა და დეკორატიული ფიგურებით შემკული სინაგოგის შესასვლელში მარმარილოს ფილაა ებრაული წარწერით, წარწერის მაღლა დავითის ვარსკვლავებია განლაგებული, აღმოსავლეთის კედელზე კი ებრაულ ენაზე „ათი მცნებაა“ ამოტვიფრული.
20-იან წლებში, კომუნისტების დროს, ონის სინაგოგის დანგრევის ბრძანება გაიცა, მაგრამ ამშიკაშვილი, ოჯახთან ერთად, შიგნით შეიკეტა, ებრაელმა და ქართველმა ქალებმა ჩვილებით ხელში შენობას ალყა შემოარტყეს და დანგრევას გადაარჩინეს.
დღეს ონის სინაგოგა ეროვნული მნიშვნელობის კულტურული ძეგლის სტატუსს ატარებს.