ციხის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ოქროს ციხე სამცხე-ჯავახეთის მხარეში უდიდესი თავდაცვითი ნაგებობა და ჯაყელების უმთავრესი დასაყრდენი იყო. ჯაყელების საგვარეულო კი სამცხეს დიდი ხნის განმავლობაში - XI საუკუნიდან XVI საუკუნემდე მართავდა.
სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე მდებარე სიმაგრე დიდ როლს ასრულებდა მტრის შემოსევების დროს (XIV-XV ს). აქედან ძალიან დიდი ტერიტორიის, მათ შორის - საკვანძო გზების კონტროლიც შეიძლებოდა.
ოქროს ციხე რთული და მრავალდონიანი ნაგებობაა. დიდი ლოდებით ნაშენი ციხის ზედა ნაწილი კი კლდის კეხზე დგას. უხეშად დამუშავებული, 10 მეტრის სიმაღლის კედლები კლდის კალთებზე ეშვება და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს კლდის ნაწილია.
ასეთი მიუვალი და მტკიცე ნაგებობა დარტყმებს დიდხანს უძლებდა.
მაშინაც კი, როცა ციხე მტრის ალყაში მოექცეოდა, შიგნით გამაგრებულებს სტრატეგიის შესამუშავებლად საკმაო დრო რჩებოდათ.