ისტორიული წყაროების მიხედვით, ეკლესია XI საუკუნეშია აგებული. ტაძრის მოჩუქურთმებული კარი, რომელიც ასევე XI საუკუნეში ვაზისგან არის დამზადებული, ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.
მონასტერი ზღვის დონიდან 640 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და მასთან მისასვლელად ციცაბო გზა უნდა აიარო. მონასტრის კედლებს რომ შეხედავ, მიხვდები, აქაურობას რამდენი საუკუნე და ისტორიული ქარტეხილი აქვს გამოვლილი.
დარბაზული ტიპის ერთნავიანი ნაგებობა 9 მეტრის სიმაღლისაა, სიგრძე 10 მეტრი აქვს, სიგანე კი - 5 მეტრი. მოპირკეთებულია ტუფის ქვით. ეკლესიაში შემორჩენილია ფრესკების კვალი, რომელიც XIV-XV საუკუნეებითაა დათარიღებული.
ოცინდალეს წმინდა გიორგის ტაძარში 23 ნოემბერს - გიორგობის დღესასწაულს ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ გიორგობის დღესასწაულს უკავშირდება სახელი ოცინდალე. ძველად ამ დღესასწაულზე დასაქორწინებელ ქალ-ვაჟს ერთმანეთს აცნობდნენ. ასე გაცნობით შეუღლებული წყვილი ვალდებული იყო, ყოველ 23 ნოემბერს ეკლესიაში სამადლობელი შესაწირი ამოეტანა. ამიტომ ამ დღეს ეკლესიასთან ბევრი სიძე თუ სასიძო იყრიდა თავს და ოცინდალეც ამიტომ შეერქვა (სიძე - მეგრულად სინდა, ოსინდალე - ოცინდალე, სასიძო).
XX საუკუნის დასაწყისში ოცინდალეში დედათა მონასტერი ფუნქციონირებდა, ამჟამად კი აქ მამათა მოქმედი მონასტერია.