აქ, ზღვის დონიდან 440 მეტრზე, ზღვისპირა კლდოვან ბორცვზე გაშენდა პეტრას აკროპოლისი. ხმელეთიდან მას გალავანი და კლდოვანი რელიეფი იცავდა, რის გამოც პეტრა მიუვალ ციხედ მიიჩნეოდა.
თავიდან ამ ადგილზე დამოუკიდებლობითა და სიძლიერით განთქმული ქართველების - ლაზების მცირე სიმაგრე იდგა. სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით ადგილი იმდენად ხელსაყრელი იყო, რომ ლაზების უძველეს სამოსახლო ადგილზე VI საუკუნეში, 535 წელს, ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით, აშენდა ციხე, რომელსაც „იუსტინიანეს ქალაქი“ უწოდეს.
ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოს ბიზანტიის პროვინციებთან აკავშირებდა და ბიზანტიიდან შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსაკენ მიმავალ გემებს აკონტროლებდა. ამ შესაძლებლობის გამო, პეტრაზე ირანსაც ეჭირა თვალი. შედეგად VI საუკუნის შუა წლებში ბიზანტიასა და ირანს შორის ეგრისის დიდი ომი გაიმართა.
პეტრას ციხის არტეფაქტებით მდიდარი მუზეუმ-ნაკრძალი 1989 წლიდან ფუნქციონირებს. დღემდეა შემორჩენილი ციხის ნანგრევები, სასახლის, ანტიკური აბანოს, სამეურნეო და ჯარისკაცთა საცხოვრებლების ნაშთი, VI-VII საუკუნეების ბაზილიკის საძირკველი, რომელიც პეტრას საეპისკოპოსო კათედრალის ნაწილია.
პეტრას გათხრებისას აღმოჩენილი მდიდარი სამარხის ერთ-ერთი ნიმუში - ოქროს ჩარჩოში ჩასმული დიდი ბროლი „ერმიტაჟში“ ინახება.