KA
Zhabeshi Church

ჟაბეშის ეკლესია

საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში - სვანეთში მრავალი უძველესი ეკლესია შეგხვდება, რომელთაგან საკმაოდ ბევრი 1000 წელზე მეტისაა, ისევე როგორც ჟაბეშის მაცხოვრის სახელობის ეკლესია, რომელიც X-XI საუკუნეებს მიეკუთვნება.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

ჟაბეშის ეკლესიის არქიტექტურა

დარბაზული ტიპის, თლილი შირიმის კვადრებით ნაგები ეკლესია მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემის სოფელ ჟაბეშის განაპირას, შემაღლებულ ბორცვზე დგას. აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძზე წაგრძელებული ეკლესია ყურადღებას მწყობრი პროპორციებით იქცევს. ინტერიერში, ქვის კანკელის წინ, ქვისავე ოთხკუთხა კვარცხლბეკზე აღმართულ ხის ჯვარსაც ნახავ. საკურთხევლის კედელში დატანებულ ორ ღრმა უბეში კი სამალავში შესასვლელია მოწყობილი.

ჟაბეშის ეკლესიის ისტორიული წარსული

ქართველი ისტორიკოსის, ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით, ჟაბეშის ეკლესიაში დაცული იყო წმინდა გიორგის მოოქრული ვერცხლის ხატი, ხის შანდალ-კანკელი, ზარი, ტყავის სახარება და სხვა, თუმცა დღეს აქ მხოლოდ სარიტუალო ვერცხლის პატარა კოვზისა და ორი პატარა, ოქროთი დაფერილი ვერცხლის ლანგრის ნახვას შეძლებ. ერთი ლანგრის შუაგულში ჯვარცმის გრავიურაა, მეორეზე კი - ღვთისმშობელი ორანტის პოზით (სახემდე ხელებაპყრობილი, მაყურებლისკენ მიმართული ხელისგულებით). 

ეკლესიის XII საუკუნის ფრესკული მხატვრობიდან ჩვენს დრომდე თითქმის აღარაფერი შემორჩა, თუმცა ეკლესიაში დღემდე იგრძნობა თამარ მეფის დროინდელი საქართველოს დიდებული სული, რის გამოც ჟაბეშის ეკლესიის ნახვა ნამდვილად ღირს. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა