KA
რაჭული ლორი

რაჭული ლორი

რაჭული ლორი ძირძველი ტრადიციებისა და გამოცდილების შეზავებით შექმნილი უმაღლესი ხარისხის თანამედროვე გასტრონომიული მემკვიდრეობაა, რომლის შექმნაში სამყაროს ოთხივე სტიქია - ჰაერი, ცეცხლი, მიწა და წყალი მონაწილეობს.

როგორ მზადდება რაჭული ლორი?

ლორის დამზადების ტრადიციას წინ რამდენიმე წინაპირობა უძღვის. უმთავრესი რაჭული კლიმატია. ამ კლიმატს თავისი მცენარეული საფარი და სრულიად განსაკუთრებული წყალი ახლავს. ღორი ბუნებრივ გარემოში იზრდება და მისი კვების მთავარი რაციონი ტყის ნატურალური პროდუქტია, რომლითაც მდიდარია აქაური ტყეები - კაკალი, ვაშლი, პანტა, რკო. მართული კვების რეჟიმი, ცხიმისა და ხორცის სწორად განაწილებას უწყობს ხელს.  

ღორის დაკვლა მთელი რიტუალია რაჭაში - სპეციალური „ღორის დანა“, გობი და „ხოროშა“, ანუ მარცვლოვანი ქვამარილი, წინასწარ მზადდება. ღორს, როგორც ადგილობრივები იტყვიან, გრძელ ნაჭრებად, ფელიკებად ჭრიან, ამარილებენ და ორი კვირის განმავლობაში ინახავენ, რომ მარილი კარგად გაუჯდეს. შემდეგ შესაბოლად კიდებენ. შესაბოლი შეშა მხოლოდ კეთილშობილი უნდა იყოს: წიფელა, რცხილა, კოპიტი - ასე იბოლება ე.წ. „შავ ქუხნაში“ რაჭული ლორი. ამ პროცესს რაჭაში დღემდე „დავიჩინებას“ ეძახიან. 

რაჭული ლორი ზამთარში მზადდება, ნოემბრის ბოლოს-დეკემბერში, დღე მხრჩოლავი ცეცხლი უნთია, ღამე მას აქრობენ და ლორს ყინვაში ტოვებენ. რაც მეტია ყინვა, მით უკეთესი - სიცივისა და სითბოს მონაცვლეობა პროდუქტის გემოს განაპირობებს. სწორი ტექნოლოგიით გამოყვანილი ლორი დიდხანს ინახება. მისი ენერგეტიკული მაჩვენებელი მაღალია. 

რაჭული ლორი ქართული გასტრონომიული კულტურის მნიშვნელოვან საკვებში შედის. ის,  ჩურჩხელასთან, ნიგოზთან, დამბალხაჭოსთან და თაფლთან ერთად, ტრადიციულად, მეომრებს აბგაში ჰქონდათ. 

რაჭული ლორი ზომიერად მარილიანი და მოწითალო ფერის უნდა იყოს, სასიამოვნო სუნის და რბილი გემოსი და თანაბრად გადანაწილებული ცხიმისა და მჭლე ხორცის ფენებით. სწორედ ეს აძლევს საოცარ გემოებს იმ კერძებს, რომლებიც რაჭული ლორით ან მისი ქონით მზადდება და მათგან მიღებული შთაბეჭდილებები ისევ და ისევ გაბრუნებს უკან, საქართველოში.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა