KA

რკონი-რკონის მონასტერი

თუ გინდა, ულამაზესი ბუნების წიაღში აღმოჩნდე და ისტორიული ღირებულებებით სავსე ძეგლები დაათვალიერო, სოფელ რკონიდან რკონის მონასტრამდე გასაოცარი ფიჭვნარითა და ფოთლოვანი ხეებით შემოსილი ტური შეგიძლია დაგეგმო.
რეგიონი
შიდა ქართლი
სოფელი
რკონი

სალაშქრო გზის სპეციფიკა

მარშრუტი სოფელ რკონიდან, მდინარე თეძამზე გადებული ხიდიდან იწყება. აქვე შეხვდები საინფორმაციო დაფასაც, რომელიც სხვადასხვა მარშრუტზე მოგაწვდის ინფორმაციას — სოფელ რკონიდან რკონის სამონასტრო კომპლექსამდე, თამარ მეფის ხიდამდე, კლდეკარის ციხემდე და სხვა სოფლებამდე.

ხიდს რომ გადაივლი, მონასტრამდე კარგად გაკვალული და დაკლაკნილი გზა დაიწყება. მარშრუტი მდინარე თეძმის ხეობას მიუყვება და გზად აღმართიც შეგხვდება, საიდანაც რკონის ტყეზე უმშვენიერესი ხედით დატკბები. ტყის გავლის შემდეგ კი რკონის მონასტერს მიუახლოვდები. აქ უამრავი საბანაკო ადგილია და კარვის გაშლასაც შეძლებ.

რკონის სამონასტრო კომპლექსი

რკონის სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ძეგლისგან შედგება: ღვთისმშობლის ეკლესია, სამლოცველო, სატრაპეზო, კოშკი, სამრეკლო და ნათლისმცემლის ეკლესია კარიბჭით.

გასაოცარია, რომ ეს კომპლექსი ერთი ათასწლეულის განმავლობაში შენდებოდა - VII საუკუნიდან, როცა ღვთისმშობლის ეკლესია აიგო, XVII-XVIII საუკუნეებამდე - ამ პერიოდითაა დათარიღებული სამრეკლოც. 

რკონის მონასტერი მოქმედი არ არის - ირგვლივ ნასოფლარია. XII-XIII საუკუნეებში კი აქ სავაჭრო და სამხედრო გზა გადიოდა, რომელიც შიდა ქართლს ახლო აღმოსავლეთთან აკავშირებდა.

თამარ მეფის ხიდი

რაც შეეხება თამარის ხიდს, ის XII-XIII საუკუნეებშია აგებული - სწორედ იმ ხანებში, როცა აქ სავაჭრო გზა იყო აქტუალური და თავისი კონსტრუქციით იმ პერიოდის ერთ-ერთ საუკეთესო ხიდად მიიჩნეოდა. ამჟამად თამარის ხიდი თავდაპირველი სახითაა აღდგენილი.

Powered by Wikiloc
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა